მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

Read Time:2 Minute, 3 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ყველა მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მსურს, მივესალმო ENQA-ს დირექტორს ქალბატონ მარია კელოს და WFME-ის პრეზიდენტს, ბატონ დევიდ გორდონს. თქვენი ჩართულობა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

უმაღლესი განათლების სისტემისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმამ, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს, საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა კიდევ უფრო დააახლოვა ევროპული სივრცის სტანდარტებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარების მოპოვება და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია“, – განაცხადა ჩხენკელმა.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით მომავალში სამინისტროს ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგება. მათ შორის, ამოქმედდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელი, რაც უნივერსიტეტებს ადამიანური რესურსების, დროისა და ხარჯების დაზოგვაში დაეხმარება, ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას. გარდა ამისა, სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებლად ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი მოთხოვნები შემუშავდება, რაც ქვეყანაში არსებული სადოქტორო პროგრამების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხარისხი, კერძოდ, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობები და გაიზრდება როგორც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების რაოდენობა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო რთულ სიტუაციაში პროცესების მართვა და ადმინისტრირება. ეს ეხება როგორც სასწავლო პროცესს, ასევე, უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის საკითხსაც.

მინისტრმა პროფესიულ განათლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში. შედეგად, კონცეპტუალურად შეიცვალა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეყრდნო, მთლიანად მოერგო პროფესიული განათლების სპეციფიკასა და პედაგოგთა განვითარებაზე გახდა ორიენტირებული. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა როგორც მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების, ასევე, სრული საკვალიფიკაციო პროგრამების სპექტრი და თითქმის გაორმაგდა სასწავლო ადგილების რაოდენობა. გარდა ამისა, სისტემამ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების სახით პირველად შესთავაზა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული გზა.

რაც შეეხება ზოგად განათლებას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში გარდამტეხი ცვლილებების წელი იქნება. მისი თქმით, აქტიურად ინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებულ, ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და დაცული
Next post ალეკო ელისაშვილი: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია