მეუფე შიო: დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს

Read Time:3 Minute, 7 Second

,,ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

✨ ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-5 კვირას, რომელიც ეძღვნება ღირს მარიამ ეგვიპტელს.

🔸 დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომ მოგვცეს ხედვა და განცდა ამ ცოდვებისა. „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“, – ვამბობთ  ყოველდღე და ეს აუცილებელია სულის გადარჩენისთვის, სულიერი წარმატებისთვის.

🔸 მაგრამ მითქვამს თქვენთვის ასევე, რომ ეკლესიის წმინდა მამები გვაფრთხილებენ, მეორე მხრივ, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე და ის, რომ ადამიანის ბუნების საფუძველი, არის ხატება ღვთისა. ასეთი არასწორი სულიერი მდგომარეობა საზიანოა, რადგან იწვევს ჩვენში მოწყინებას, სასოწარკვეთილებასა და შემოქმედებითი ძალების პარალიზებას.

🔸ამიტომ დღეს, ისევე როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში.

🔸 თქვენ გახსოვთ, რომ ღირსი მარიამ ეგვიპტელი არაწმინდა ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ შემდეგ შეინანა.

🔸რა არის სინანული, რას ნიშნავს ის?  რას ნიშნავს სიტყვა ,,სინანული”? ეს არის ცვლილება აზრის, სიტყვისა და საქმის. ღირს მარიამ ეგვიპტელში ისეთი დიდი ცვლილება მოხდა, რომ იგი ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ლოცვის დროს იგი ჰაერში იწეოდა და მდინარეზე ფეხით დადიოდა.

🔸 რა ცვლილებაა ეს, რაც მასში მოხდა? როგორი ცხოვრებიდან გადავიდა იგი ასეთ ცხოვრებაში? იგი გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა და უმანკო ცხოვრებაში. რა არის სიწმინდე და უმანკოება? ეს არ არის მხოლოდ სიძვის ვნებისგან გათავისუფლება, როგორც ზოგს ჰგონია, რადგან შეიძლება ადამიანმა ხორციელი ვნება დაამარცხოს საკუთარ თავში, მაგრამ სიწმინდისგან ჯერ შორს იყოს. სიწმინდე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება. მაშ, რა არის ეს? ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პიროვნების სიმრთელე, ცნობიერების სიმრთელე, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი ძალები მიმართულია ღმერთისკენ და გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. როდესაც სულიწმიდის ეს მადლი და ნიჭები განასულიერებს ადამიანს, ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ჩვენში. აი, რა არის ნამდვილი სიწმინდე.

🔸 ამ მდგომარეობის მოხვეჭა და მიღწევა მხოლოდ წარსულ ეპოქაში არ იყო შესაძლებელი, ეს დღესაც ხელეწიფება ადამიანს. ღვთის შეწევნით, ადამიანს დღესაც შეუძლია, ამ სიწმინდის ძალა გახსნას და განავითაროს საკუთარ თავში, მთელი თავისი პიროვნება, ვიმეორებ, სულიერიც, ფიზიკურიც, მშვინვიერი ძალები, ღმერთისკენ მიმართოს და მიიღოს სულიწმიდის ნიჭები.

🔸 ნამდვილი სინანულის შედეგი არის სწორედ ის, როდესაც ადამიანი ამ მადლის მეშვეობით საკუთარ თავში მუდმივად ცვლის უკეთესობისკენ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს.

🔸 დღეს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმინდა ეკლესია გვასწავლის ადამიანში ამ სიწმინდის გამარჯვებისა და ზეიმის შესახებ. გვასწავლის იმის შესახებ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა ამას მიაღწიოს.

🔸 ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“.

🔸 იმისთვის, რომ ეს სიწმინდის სული მოგვეცეს და მან შეგვიყვანოს იმ სიხარულში, იმ ნეტარებაში ამ მიწიერ ცხოვრებაშივე, რომელიც შემდგომ სრულად გაიხსნება ზეციურ ცხოვრებაში, საჭიროა კეთილი ნება, ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულებაც. როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე:  „სასუფეველი ცათა იიძულების“, ე.ი. ძალისხმევით მიიღწევა.
ჩვენ შეიძლება კეთილი ნება გვაქვს, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად გვაკლია. ამიტომ, თუ ვეცდებით და მივმართავთ ამ ძალისხმევას, მაშინ აუცილებლად ვიგრძნობთ სიხარულის მოზღვავებას და ჩვენში დაიწყება გამოსვლა იმ ცხოვრებიდან, რომელშიც არის ამდენი ცოდვა და სიბნელე, და შესვლა საღვთო სინათლეში.

🔸 გვაღირსოს უფალმა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ვართ მოწოდებულნი, ამინ!

🌿 დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები:

🔸დეკანოზი გიორგი წურწუმია ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი შალვა როსტიაშვილი ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი შიო მენაბდე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი საბა ლევერაშვილი ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი თეოდორე ნადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
🔸 დეკანოზი მიქაელ არაბიძე ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე სტეფანე: მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს
Next post გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე