თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე, შეფასებები კეთდება. როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, რითაც ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება.
“ეს დღეები საქართველოში სტუმრად იმყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. სხვათა შორის, მათი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი. ეს ემსახურება იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურია ევროპისთვის, ეს ღირებულებები არ იყოს ნიველირებული და იყოს ყოველთვის აქტუალური,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომ უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებმა, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, სიონში გადაინაცვლეს და კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ჩატარდა პანაშვიდიც. მანამდე, ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

