ორშაბათი, მაისი 25, 2026

შიო მესამე – სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში

ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ქადაგებისას მრევლს წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს – აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? – „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ლოცულობს რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირადი საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომლებიც უშლის მას უფალთან დაახლოებაში, მადლის მიღებაში. ამ ნაბიჯებს თუ გადადგამს, უფალი მას აუცილებლად ეხმარება, მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც, შესაბამისად, ეს სულიერი ცხოვრების კანონია, მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ, ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენისა და გაერთიანების მადლი. ამაზე იყო საუბარი დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაშიც.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევდა თავის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. რა თქმა უნდა, მოციქულები ამის გამო ძალიან წუხდნენ. დღეს წაკითხულ საუბარში, ისევე, როგორც სხვაგან, უფალი მათ ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთ, ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, – ამბობს უფალი. ისინი მეტ სასწაულს მოახდენენ არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულნი იქნებიან, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით.

უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ, ღმერთს მიმართოთ ლოცვით, იესო ქრისტეს სახელით (რაც აქამდე არ ხდებოდა) და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება, მაგრამ აქაც პირობას აყენებს: „დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება“ (ინ. 14, 15-16).

„ნუგეშინისმცემელს“ უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი. ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს: გარდა იმისა, რომ მოგივლენთ ნუგეშინისმცემელს, მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მუდამ ვიქნები თქვენთან, „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად“ (ინ. 14, 18). აი, ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) და თქვენც, ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი, ასეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოდ, ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ, რა თქმა უნდა, რწმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში, თუ ასევე რწმენით ვიღებთ მათ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მადლით ხართ გამოხსნილები და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია“ (ეფეს. 2, 8-9).

ეს არის ნიჭი ნუგეშინისმცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით რამდენიმე დღეში, სულ ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული. ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, განგვწმინდოს, გაგვაძლიეროს, აცხონოს ჩვენი სულები და მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა და იმ ძმური სიყვარულის აღდგენისა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის; მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით; მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ!

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ტაბატაძე – შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, მით უფრო მალე ამოისუნთქავს ქართული საზოგადოება

„ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, ქართული საზოგადოება მით უფრო მალე ამოისუნთქავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“.„რამდენიმე თვის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ვნახეთ, მათ შორის იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო გენერალი, კანდელაკი. აგერ, ბატონო, საქართველოში ადგილებია, მობრძანდით და დაბომბეთო. ეს ადამიანები ხან ირანს ეუბნებოდნენ, საქართველოში ადგილებია და დაბომბეთო, ხან ამერიკას ეხვეწებოდნენ, საქართველო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და დაბომბეთო. ამ ხალხს საკუთარი ქვეყანა ეზიზღება. ეს ადამიანები გამოკითხვაზე იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოიკითხნენ. ან გამოსაკითხი რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებ. მათ მტკიცებულება არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მტკიცებულება მართლა რომ გქონდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში უნდა მიხვიდე, რომ გამოიძიონ. ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ...

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.„ამ ხუთი წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოსცდა.ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სუპერტანკერმა Eagle Verona-მ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა და სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვაში შევიდა

სუპერტანკერმა, რომელსაც ორი მილიონი ბარელი ნავთობის გადატანა შეუძლია, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა და სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვაში შევიდა.Bloomberg-ის ცნობით, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სუპერტანკერ Eagle Verona-ს ერაყიდან ჩინეთის მიმართულებით ნავთობი გადააქვს.როგორც გამოცემა წერს, გემი ბასრას ნავთობტერმინალში 28 თებერვალს დაიტვირთა და ირანთან ომის გამო ჰორმუზის სრუტიდან გასვლას ვერ ახერხებდა. ის ამჟამად ჩინეთის ნინგბოს პორტისკენ მიემართება, სადაც, გეგმის მიხედვით, 12 ივნისს უნდა ჩავიდეს.

რეჟისორი გიო მგელაძე უწმინდეს შიოს III შესახებ იხსენებს

რეჟისორი გიო მგელაძე მეუფე შიოს კლასელი ყოფილა. მეგობრობა მალე ნათელმირონობას შეუცვლია. როგორც ის ამბობს, მეუფეს ბავშვობიდან წამოყოლილი თვალები და ღიმილი აქვს, რომელიც ცხოვრებას ვერ გადაუსხვაფერებია.“პრაიმტაიმთან” მეგობარსა და ნათლიას გიო მგელაძე იხსენებს. გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს.საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო.ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან.განათლებული იყო თავიდან.მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად. ბოლოს მისი წიგნის პრეზენტაციაზე ვნახე, თვე ნახევრის წინ. ქართველ თეოლოგზე და ჩვენს თეოლოგიაზე წიგნი გამოსცა.თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის.დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა…

ბოლო სიახლეები