თამარ მეარაყიშვილი ცეზარ ჩოჩელს: მე და ჩემი 11 წლის შვილი ახალგორიდან არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ, თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით

Read Time:2 Minute, 30 Second

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, ცეზარ ჩოჩელის მიერ ერთ-ერთი გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

„12 აგვისტოს ადგილობრივებთან ერთად გავაჩერეთ სპეცრაზმით მოძრავი ჩოჩელი ეკლესიის წინ, და მოვთხოვეთ აეხსნა, რატომ ტოვებდნენ მისი ახლობლები რაიონს, რამე საფრთხე ხომ არ იყო? იქ, 11 წლის შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე მითხრა, რომ ვთესავდი პანიკას და არანაირი საფრთხე აქ არ გვემუქრებოდა. თქვა, რომ მისი ოჯახიც ახალგორში იყო. იმავე ღამით ოჯახი გაიყვანა. 13 აგვისტოს ღამით კი თვითონ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ ახალგორიდან. ამ დროს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სამსახურები არ უნდა მიეტოვებინათ, მინიმუმ“ – წერს აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მაშინ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

„არანაირი ევაკუაცია არ მოუხდენიათ. ცრუობს. ახალგორში ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი და მათ აღსაზრდელებზე ხომ სახელმწიფო ზრუნავდა, ისინიც კი არ გაიყვანეს. 17 აგვისტოს დაბას გაზი გაგვითიშეს. ცეზარის ძმის იყო გაზის კომპანია. გათიშვაზე თქვეს, რომ “ოსებმა ააფეთქეს”, ჩვენ რა შუაში ვართ. ეს იყო სიცრუე, თავად გათიშეს და მოგვიანებით აღიარეს კიდეც. შემდეგ დაიწყო ელექტროენერგიით თამაში. სინათლე ღამის 23.00 დან 10.00 მდე გვქონდა. ასე თითქმის წელიწადი ვიცხოვრეთ. ამის პარალელურად, ზეწოლა დაიწყო მან და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათზე, ვინც აქ დარჩა. 2008 წლის ბოლოს დაიწყეს ქართული ხელფასების მოხსნა, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავალი იყო- “მოსწავლეთა სახლი”( მე ვიყავი ხელმძღვანელი), ახალგორის ორი ბაგა- ბაღი, მუსიკალური სკოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სპორტ სკოლა, სოფელ წინაგარას საშუალო სკოლა და ბაგა- ბაღი. წინაგარა ოსური სოფელია და კონტროლი 2008 წლამდეც დაკარგული იყო, თუმცა განათლება ფინანსდებოდა საქართველოს ხელისუფლებისგან. ხელფასებს მხოლოდ იმიტომ გვიხსნიდნენ, აქ რომ დავრჩით. აი, ასე “სახელმწიფოებრივად” აზროვნებდა და მოქმედებდა მაშინ ბატონი ცეზარი. ერთადერთი, მე გავაპროტესტე სამსახურიდან გათავისუფლება და 2009 წელს ახალგორიდან მცხეთაში სასამართლოში ვიარე აღდგენის მოთხოვნით. ახალგორის მუნიციპალიტეტს სასამართლო მოვუგე – ლია მუხაშავრია და ნინო ციხისთავი იყვნენ ჩემი უფლებების დამცველები. იქვე, სასამართლოში დამემუქრნენ რომ არ შემარჩენდნენ და 2010 წელსაც მომხსნეს. შორს წავალ სასამართლოებზე საუბრით“ – წერს აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მისი გარემოცვა ადგილობრივი, ახალგორელი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და მას არანაირი დახმარება არ გაუწევია მცირეწლოვნებისთვის.

„მაინც გავაგრძელე მუშაობა ბავშვებთან – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო პირების( მომღერლები, სპორტსმენები, მწერლები…) დახმარებით. 60 მდე ექსკურსია მოვუწყვე აქ დარჩენილ ბავშვებს და ყველა მათგანი დიდი დაბრკოლებით – სამარცხვინო მეთოდების გამოყენებით ცდილობდა ცეზარი და მისი ნათესავი, ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ჩაეშალათ ბავშვებისთვის ღონისძიებები. თავად, არც როგორც მხარის რწმუნებულს, ბიზნესმენს ან უბრალოდ ახალგორელს არანაირი დახმარება გაუწევია აქ დარჩენილი ბავშვებისთვის… ჩემი აქტიურობა მხოლოდ გულის კარნახით ხდება. არავის მხარეს და მოსაწონად არ ვწერ და სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა რომ რასაც მე ვაკეთებ, სწორედ ესაა პოლიტიკა- ცვლილებები. ის, რაც ზემოთ დავწერე იმ პერიოდის პრესა ინახავს, დღეს არ ვწერ პირველად. ასევე იმ პერიოდის სატელევიზიო კადრებიც ინახავს ჩემს სიტყვებს“ – აღნიშნავს თამარ მეარაყიშვილი.

აქტივისტი წერს, რომ ცეზარ ჩოჩელი თანამდებობაზე დაბრუნებით კვლავ საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს.

„ცეზარი უკვე იყო დეპუტატი და ისევ იმ სურვილით მიდის – საკუთარი ბიზნესის ხელშეწყობა. მაგასაც გავუგებდი, უმეტესობა ასეთია. უბრალოდ ახალგორის თემით რომ არ მანიპულირებდეს და სამარცხვინოდ ცრუობდეს, ყურადღებას არ მივაქცევდი. მე და ჩემი 11 წლის შვილი არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ. თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით“ – წერს თამარ მეარაყიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ნიკოლეიშვილი: სომხეთის ელჩმა მყისიერად დაგმო ინფორმაცია, თითქოსდა, საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება
Next post არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი, წარსულს უკვე მისცა საზოგადოებამ შეფასება