მე მაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმო რომის პაპს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პაპმა გაიგოს, რომ ირანმა 42 000 ადამიანი მოკლა, რომლებიც სრულიად უიარაღოები იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და რომის პაპმა ეს უნდა გაიგოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა რომის პაპს „ურთიერთობის გამოსასწორებლად“, ტრამპმა უპასუხა: „არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, წუხს თუ არა იმის შესახებ, რომ რომის პაპთან დაპირისპირება მის კათოლიკე მხარდამჭერებს აღიზიანებს. ტრამპმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამაზე არ წუხს და მან უნდა გააკეთოს ის, რაც სწორია.
„მე არაფერი მაქვს პაპის საწინააღმდეგო, მაგრამ მე შემიძლია არ დავეთანხმო პაპს. მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პირადად იცნობს რომის პაპის ძმას და ის MAGA-ს მხარდამჭერია.

