ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიული შეთანხმება დავდოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ. პრეზიდენტი ტრამპი აპირებს ჩემი და ლიბანის პრეზიდენტის მიწვევას, რათა შევეცადოთ ამ შეთანხმების წინსვლას. მე დავთანხმდი პაუზას, უფრო ზუსტად კი 10-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რათა ვეცადოთ წინ წავიწიოთ შეთანხმება, რომლის განხილვაც ვაშინგტონში ელჩების შეხვედრის დროს დავიწყეთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქვს ორი ფუნდამენტური მოთხოვნა. კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა, რომელიც ისრაელს ლიბანის მთავრობასთან შემდგომ მოლაპარაკებებში წაუყენებს, „ჰეზბოლას“ განიარაღება.
„ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩვენ გვაქვს ორი ფუნდამენტური მოთხოვნა: პირველი, „ჰეზბოლას“ განიარაღება. მეორე, მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება, მშვიდობა ძალით. ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, „ჰეზბოლამ“ დაჟინებით მოითხოვა ორი პირობა: პირველი პირობა იყო, რომ ისრაელი უნდა გასულიყო ლიბანის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისო საზღვრამდე. მეორე პირობა იყო ცეცხლის შეწყვეტა „სიჩუმე სიმშვიდის სანაცვლოდ“ შეთანხმებაზე დაყრდნობით. მე არცერთ მათგანს არ დავეთანხმე და სინამდვილეში, არცერთი ეს პირობა არ სრულდება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში რჩებიან.
„ჩვენ ლიბანში ვრჩებით, გაძლიერებულ უსაფრთხოების ზონაში. ეს არის 10 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა, რომელიც გაცილებით ძლიერი, გაცილებით უწყვეტი და გაცილებით მყარია, ვიდრე ის, რაც ადრე გვქონდა“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მან მითხრა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს საზღვაო ბლოკადა და ასევე დაშალოს ირანის ბირთვული შესაძლებლობები, რაც არ უნდა დარჩენილიყო მათგან. ის ამაზე დანებებას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ერთად გაკეთებული დიდი საქმეების შემდეგ, ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას შეძლებს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

