აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.
„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.

