“დედაჩემი არაადამიანია”

Read Time:2 Minute, 9 Second

“მომინდა, დეიდა ნინო ყოფილიყო ჩემი დედა, მკერდში ჩავეკარი და ავბღავლდი… დედისგან მიტოვებული მეგობრის დედამ გამზარდა”

ლევანი მეგობართან გავიცანი. მალე მამა გახდება და ორსულ ცოლს თავზე ისე ევლება, აღვფრთოვანდი. ჩემს ემოციას მისი მადლიერება მოჰყვა და სიტყვამ მთელი თავგადასავალი მოიტანა.
ლევან კ.: – მე ის თაობა ვარ, მშობ­ლები რომ ემიგრაციაში წავიდნენ და, ფაქტობრივად, ღვთის ანაბარად გავიზარდეთ. არავის შეუძლია შვილის ისე ესმოდეს, როგორც დედას, ისე სწრაფად მიუხვდეს სატკივარს, სიხარულის მიზეზს, გზაზე აცდენის საფრთხეს.

ოჯახს ძალიან რომ გაუჭირდა, მამაჩემმა­ გაყიდა მანქანა და იმის ნაცვლად, თვითონ წასულიყო სარჩო-საბადებლის მოსაძიებლ­ად, დედა გაუშვა ამერიკაში. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში ყველაფერი აირია – დედა ამერიკაში გათხოვდა და შემოგვითვალა, მე ახლა ქმარი მარჩენს, უკვე შვილსაც ველოდებით და ვერ დავავალდებულებ, თქვენც გარჩინოთო. მამაჩემი ჯერ იმან გაამ­წარა,

რომ იოლი შემოსავალი აღარ ექნებოდა, მერე მიხვდა, თვითონ უნდა გაენძრია ხელი და… სმა დაიწყო. ხშირად უმიზეზოდ მეჩხუბებოდა, მცემდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა და ჩემს უახლოეს მეგობარს ვუთხარი, მამაჩემის მოკვლა მინდა-მეთქი. მეტიც, დედაჩემის მოკვლაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ვწუხდი, რომ ვერ მივწვდებოდი. მძულდა დედაჩემი, ვიცოდი, სხვა შვილი ჰყავდა,­ ჩემი ამერიკელი და, და ისიც მძულდა. უკვე 10 წლის ვიყავი. მეგობარმა შემომთავაზა, ჩვენთან წამოდი, დედა შენებს დაურეკავს და ეტყვის, რომ ჩვენთან იქნებიო. მართლაც, ჩემი ოჯახი, ბებია-ბაბუა, სიამოვნებით დათანხმდნენ. ლუკას დედამ დამამშვიდა, აპატიე შენს მშობლებს, წყენაზე მაღლა დადექი, სჯობია მომავალზე იფიქრო, მაგრამ თუ ვერ აპატიებ, მაშინ ცხოვრების ფსკერზე დარჩებიო. მაშინ კარგად ვერ გავიგე დეიდა ნინოს ნათქვამი, მაგრამ ისე მომინდა, ის ყოფილიყო ჩემი დედა, მკერდში­ ჩავეკარი და ავბღავლდი. იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დეიდა ნინო მამაჩემთან მისულა და უთქვამს, ნება მოგვეცით თქვენი ლევანი ჩვენთან გადმოვიდეს. ნუ გვიწყენთ, ვიცით, რომ გიჭირთ და დაგეხმარებით, რომ ბავშვს გზა არ აებნესო. დეიდა ნინოსა და ბიძია რეზოსაც უჭირდათ, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ ბევრს შრომობდნენ,­ რომ ერთადერთი შვილი ღირსეულად გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, მზად იყვნენ, ჩემთვის მეურვეობა გაეწიათ.
– მამათქვენი იოლად დათანხმდა?
– სიხარულით.. ასე რომ, დეიდა ნინო გახდა ჩემი დედა, ლუკა – ძმა, ბიძია რეზო კი მამა. მათი წყალობით გავხდი ადამიანი და სისუსტეების დამარცხება ვისწავლე.
– ახლა სად არიან თქვენი მშობლები?
– მამაჩემი ორი წლის წინ გარდაიცვალა, ღვიძლი დაეშალა. ბებია-ბაბუა წლების წინ დაიღუპნენ. იმათ არც ვერჩოდი, სითბოს არ იშურებდნენ, ისევე, როგორც მამიდაჩემი, რომელიც დეიდა ნინოს ხშირად ურეკავდა, დროდადრო მოდიოდა ჩანთებით­ დატვირთული, მე ტანსაცმელს მომიტანდა,­ ლუკას – საჩუქრებს, ოჯახისთვის – სურსათს. მასზე საყვედური არასდროს დამცდება, დედაჩემი კი არაადამიანი დარჩა.
მე და ლუკა ერთხანს ამერიკაში ვსწავ­ლობდით. შემომიჩნდა, მოდი, დედაშენი მოვძებნოთო. არ მინდოდა. გული მიგრძნობდა, უფრო დიდ დარტყმას მივიღებდი. ლუკა ისე, რომ არ ვიცოდი, დედაჩემს მიადგა. უთქვამს, სასახელო შვილი გყავთ, მისი ძმობით ვამაყობო, დედაჩემმა კი თურმე ჰკითხა, რა გინდათ ჩემგან, ფულიო? ლუკა შემცბარი წამომხტარა და გამოქცეულა…
მისი ამბავი არ ვიცი. არც მაინტერესებს.­ მე ერთი დედა მყავს და ერთი ძმა – ლუკა, რომლისთვისაც სიცოცხლეს გავწირავ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ
Next post დიღომში ხანძრისას გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა