ბექა დავითულიანი ცენტრალურ პარკზე : როცა ასე გვიჭირს სარეკრეაციო სივრცეები ცენტრში, უკეთესი საჩუქარი წარმოუდგენელიც კი იყო

Read Time:1 Minute, 42 Second

წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა 710 ათას დოლარად ჩაიგდეს ხელში ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ასევე ხელისუფლების დახმარებით 52 მილიონ დოლარად მიჰყიდეს ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ კი, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა, შეუცვალეს ტერიტორიას სტატუსი, რათა იქ უნივერსიტეტი აღარ აშენებულიყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ეს არის სასიხარულო ამბავი მთელი ქალაქისთვის, განსაკუთრებით საბურთალოსთვის. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაც, ეს უბრალო გადაცემა არაა – „ქართუ“ დააფინანსებს ამ ადგილზე თანამედროვე რეკრეაციული ზონის მშენებლობას. როდესაც ასე გვიჭირს სარეკრეაციო სივრცეები ქალაქის ცენტრში, ამაზე უკეთესი საჩუქარი შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყო. რაც შეეხება იპოდრომის ისტორიას, 1998 წლის თებერვალში იპოდრომის ტერიტორია საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა „ჟოკეი კლუბს“. ამაში „ჟოკეი კლუბმა“ გადაიხადა 710 000 დოლარი და აიღო ვალდებულება, რომ 3,5 მილიონის ინვესტირებას მოახდენდა, შეინარჩუნებდა იპოდრომის პროფილს, მოაწყობდა თანამედროვე საჯინიბო და საცხენოსნო ინფრასტრუქტურას 5 წლის განმავლობაში. 1998 წელსვე თბილისის პრემიერის წერილით იპოდრომის ტერიტორიას მიენიჭა „გამწვანებული ზონის სტატუსი“, რომელიც მიჰყვა 2002 წლამდე. 2002 წლისთვის საინვესტიციო პირობები შესრულებული არ იყო და ამ დროს „ჟოკეი კლუბს“ ეს ტერიტორია უპირობოდ, საინვესტიციო ვალდებულებების მოხსნით გადაეცა. ამის შემდეგ 2007 წელს მაშინდელი მერი გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ იპოდრომს უუქმდება გამწვანებული ზონის სტატუსი. შემდეგ შეიქმნა რამდენიმე პროექტი, მათ შორის სავაჭრო ცენტრების, ბიზნესცენტრების, ცათამბჯენების მშენებლობის იდეები იყო. ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა მერიას უნივერსიტეტისთვის ტერიტორიის მოძიების თხოვნით მიმართა. მაშინდელი ხელისუფლების წამყვანი პირები ამბობდნენ, რომ ამაზე უკეთესი ტერიტორია უნივერსიტეტისთვის ვერ მოიძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს იპოდრომის ტერიტორიას არანაირი განსაკუთრებული სტატუსი აღარ ჰქონდა. 2009 წელს „ქართუმ“ შეიძინა ეს ტერიტორია და მიმდებარე ნაკვეთები. 2009 წელსვე თბილისში ზონირების პროცესი დაიწყო და იპოდრომის ტერიტორიაზე, საბურთალოს ქუჩის მხარეს საკმაოდ დიდ ტერიტორიას ედება „საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“, რომელიც საკმაოდ მაღალი ინტენსივობის განაშენიანებას გულისხმობს, ხოლო იპოდრომის ძირითად ტერიტორიას ედება „სარეკრეაციო ზონა 2“, სადაც ასევე შესაძლებელია განაშენიანება. 2012 წლამდე ამ ტერიტორიის სტატუსი არ იცვლება, შემდეგ კი ენიჭება „სარეკრეაციო ზონა 1“, რაც მშენებლობას საერთოდ კრძალავს. მარტივი ლოგიკაა: ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა 710 ათას დოლარად ჩაიგდეს ხელში ამხელა ტერიტორია, შემდეგ კი ასევე ხელისუფლების დახმარებით 52 მილიონ დოლარად მიჰყიდეს ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ კი, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა, შეუცვალეს ტერიტორიას სტატუსი, რათა იქ უნივერსიტეტი აღარ აშენებულიყო“, – განაცხადა დავითულიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს
Next post გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება