საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, Erasmus+ CBHE პროექტის DIGITECH ფარგლებში, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სტუ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროექტის ხელმძღვანელი, ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია, ასევე, ფაკულტეტის პროფესორები ირინე უგრეხელიძე და თამარ ლოლაძე.
„დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კარლო კოპალიანი შეხვდა ჰამბურგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ აქსელ ვეიგენიტს და მის გუნდს. შეხვედრის შედეგად მხარეებმა განიხილეს ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავების პერსპექტივები, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების მოკლე ვადიანი ტრენინგ-პროგრამების განხორციელების გზები, ერთობლივი კონფერენციები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.
სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტნიორ უნივერსიტეტებში საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის ხელშეწყობა, თანამედროვე ციფრული სასწავლო მიდგომების გაზიარება და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ავიაციისა და საავტომობილო სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, ბიზნეს-ინოვაციების ლაბორატორიის (Business Innovation Lab – BIL) საქმიანობას, მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ პრაქტიკას, ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლების (Project-Based Learning – PBL) მოდელებსა და საინჟინრო განათლებაში გამოყენებულ თანამედროვე სიმულაციურ მეთოდებს.
ვორკშოპების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების პროფილების განახლებას, სასწავლო მოდულების დიგიტალიზაციასა და სასწავლო პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში, ევროპული გამოცდილებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „მექანიკის ინჟინერია“ მოდიფიცირება, ასევე გერმანულ ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერება. პროგრამის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასწავლო მოდულების ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას, თანამედროვე საინჟინრო ინსტრუმენტების ინტეგრაციასა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

სამუშაო კვირის ფარგლებში გაიმართა Erasmus+ CBHE პროექტ DIGITECH-ის მმართველი საბჭოს მეექვსე სხდომაც, რომლის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის მიმდინარე შედეგები, განიხილეს შესრულებული სამუშაოები, დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები.
პროექტი – DIGITECH („ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“), მიზნად ისახავს რეგიონში „ინდუსტრია 4.0“-ისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე საინჟინრო განათლების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია ახალი სასწავლო კურსების შემუშავება და დანერგვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელება, თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლება და პროექტის შედეგების პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

