პარასკევი, აპრილი 24, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები კლაუს ჰიპმა დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი სახელგანთქმულმა გერმანელმა მეწარმემ, ხელოვანმა და ქველმოქმედმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელმა – დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებად დაასახელა და ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის პირადად დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა. ცნობილმა მეცენატმა დაანონსა მორიგი თემატური კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნან და რეალურ გარემოში გამოსცადონ.

 

როგორც კლაუს ჰიპმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, ტრადიციად ქცეული სტუდენტური კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და ინოვაციური იდეების გენერირების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ გამოწვევებს არასტანდარტულად მიუდგნენ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და პროფესიულ სფეროში წარმატებით ინტეგრირდნენ.

 

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და ამასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში გაიარონ.

 

გიორგი მიქიაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტებს იდეების რეალიზაციისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას უქმნის, მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას, თავდაჯერებასა და პასუხისმგებლობას, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

„კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებს უბიძგებს, გასცდნენ თეორიული სწავლების ჩარჩოებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით განივითარონ როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური აზროვნება. ამასთან, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნად უნარებად მიიჩნევა. დოქტორი კლაუს ჰიპის ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის პროექტების ხარისხსა და მასშტაბებს, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას და უკეთ მოემზადონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ინტეგრაციისთვის. მსგავსი კონკურსები ქმნის ძლიერ სტიმულს ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ, აიღონ ინიციატივა და თავიანთი იდეები რეალურად განახორციელონ. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ – ინდივიდუალური პოტენციალის და მეორე მხრივ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს გაძლიერებას. კლაუს ჰიპის პატრონაჟით კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტმა გამარჯვებულმა სტუდენტმა გაიარა გერმანიაში 2-თვიანი პრაქტიკა. წლევანდელ კონკურსში ჩვენმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა – ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ოთინაშვილმა ჯერ არ იცის კონკურსში გამარჯვების შესახებ. ის საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსულს დიდი სიურპრიზი ელოდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს გამარჯვებას “, – ამბობს გიორგი მიქიაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებლის, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით დაანონსებული ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რამდენ ხანს გაგრძელდება უნალექო ამინდი – მეტეოროლოგის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. 25 აპრილს - გამოიდარებს. 26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება. 27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება. ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ილია წულაია – „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე

„ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.„ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.საუბარია დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა.მისივე თქმით, აშშ-ს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილება არ განუხორციელებია და, შესაბამისად, ვაშინგტონს ირანზე იერიში არ მიუტანია.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

მასუდ ფეზეშქიანი – ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა, ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ირანის პარლამენტის სპიკერ და ამავდროულად ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ირანში არა რადიკალები არამედ, „რევოლუციონერები“ არიან, ქვეყანაში კი ერსა და მთავრობას „რკინის ერთობა“ აქვთ.„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, – წერენ ფეზეშქიანი და ღალიბაფი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ თუ ვინ არის მათი ლიდერი.

ბოლო სიახლეები