ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები გაასაჯაროვა.
ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ახალ პაკეტი მოიცავს 120 ინდივიდუალური შეზღუდვას, იზრდება ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე. სანქციების მეოცე პაკეტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ფინანსური დაწესებულებების, მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალი პაკეტი ქმნის საფუძველს სამომავლოდ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვების აკრძალვისთვის. ეს განხორციელდება დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და ფასის ზედა ზღვრის კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებთან სრული კოორდინაციით.
მეოცე პაკეტი მოიცავს 36 სანქციას რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ყველა რგოლის წინააღმდეგ. მათ შორის კვლევის, მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების სფეროში.
„მიზანშია ამოღებული ახალი მოთამაშეები, რომლებმაც ბოლო პერიოდში გაზარდეს ექსპორტის წილი ბაზარზე. დამატებით ზეწოლა ხორციელდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქსელზე, მათ შორის მესამე ქვეყნებში მოქმედ კომპანიებზე და ერთ მნიშვნელოვან საზღვაო მზღვეველიზე“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიას დაემატა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი კიდევ 46 გემი. აკრძალულია მათი შესვლა ევროკავშირის პორტებში შესვლა და საზღვაო მომსახურებების გაწევა. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სავალდებულო შემოწმებებს ტანკერების გაყიდვისას და გათხევადებული ბუნებრივი აირის გადამზიდავი ტანკერებისა და ყინულმჭრელებისთვის მომსახურების აკრძალვას.
ამას გარდა, 2027 წლის იანვრიდან გათხევადების ბუნებრივი აირის ტერმინალებით მომსახურება რუსულ კომპანიებისთვის აიკრძალება. ასევე აიკრძალა ოპერაციები ორ რუსულ პორტთან, მურმანსკთან და ტუაფსესთან და ინდონეზიის კარიმუნის ნავთობის ტერმინალთან.
სანქციების მეოცე პაკეტში ასევე მოხვდა 20 რუსული ბანკი, რომლებთანაც ევროკავშირი ტრანზაქციებს კრძალავს. დამატებით სანქციები ეხება მესამე ქვეყნებში მოქმედ ოთხ ფინანსურ ინსტიტუტს.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად იყენებს კრიპტოვალუტებს, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა დაასანქცირა ყირგიზული კრიპტო პლატფორმა და აკრძალა რუსული კრიპტო სერვისები. ასევე აიკრძალა RUBx-თან დაკავშირებული ოპერაციები და ციფრული რუბლის მხარდაჭერა.
სანქციების მეოცე პაკეტში მოხვდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.
სანქციები შეეხო 58 კომპანიას და ინდივიდუალურ პირს, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო ტექნიკის, მათ შორის დრონების წარმოებაში. სიას დაემატა 16 კომპანია მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს აწვდიან ტექნოლოგიებს. მათ შორის არის კომპანიები ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.
60 ახალი სუბიექტი დაექვემდებარა ექსპორტის დამატებით შეზღუდვებს. მათ შორის მოხვდა მესამე ქვეყნებში მდებარე სუბიექტები, მათ შორის ჩინეთსა და თურქეთში.
ასევე პირველად ამოქმედდა სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმი. კერძოდ, აიკრძალება გარკვეული ტექნიკის ექსპორტი ყირგიზეთში. გაფართოვდა ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვები სხვადასხვა პროდუქციაზე (ქიმიკატები, ლითონები, რეზინი და სხვა), ასევე დაწესდა ამიაკის იმპორტის კვოტა.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა დამატებით ხუთ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთში იძულებით გადაყვანასთან, ასევე უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებასთან და პროპაგანდასთან.
სანქციები გაგრძელდება 2027 წლის 28 თებერვლამდე. შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

