გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
ეკა კუპატაძემ „ქრონიკისგან“ სატელეფონო საუბარში შეიტყო, თუ რომელი მუხლით წარედგინა ბრალი გიორგი მალანიას.
„მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!”, – ასეთი იყო ეკა კუპატაძის რეაქცია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე.
„პროკურატურამ მიიღო დიახ, სწორი გადაწყვეტილება. საქმე გაჯერებულია უხვად პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით, მყარი, უტყუარი მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე პროკურატურისგან ამ სწორ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი“, – განუცხადა ეკა კუპატაძემ სატელეფონო საუბარში „ქრონიკას“.
როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.

