სამშაბათი, მაისი 19, 2026

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბექა ძამაშვილი – სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.ბექა ძამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის.„კონკრეტული ადამიანების – საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე, რომ ვისაც მოუნდება, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი. ხშირად მედიაში ვრცელდება ხოლმე არასწორი ნარატივი, თითქოს საჯარო მოსამსახურეს თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს“, – აღნიშნა ძამაშვილმა.ამასთან, ძამაშვილის თქმით, ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტსივრცეში გამოხატვის ფორმა არათუ ნაკლებ, შეიძლება, უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები.ბექა ძამაშვილის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანის პოზიცია, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტსივრცესა და ვირტუალურ სივრცეზე.„მომჩივანი აქცენტს აკეთებდა, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცეზე, ვირტუალურ სივრცეზე, კიბერსივრცეზე და ეს მხოლოდ ფიზიკურად, საჯარო სივრცეში გამოხატვის დროს უნდა განხორციელებულიყო, რაზეც ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ გააკეთა განმარტება. ამ საქმის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანი სხვას როცა შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით თუ ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.ამავდროულად, ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ კრიტიკული ფორმა როცა უკვე ისეთ ხასიათს იღებს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება.ბექა ძამაშვილმა „საინტერესო დამთხვევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, დროში დაემთხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ ინიციატივას, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.„ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება. კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება შესაბამისობაშია ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.„სოციალური ქსელი, ერთი მხრივ, არის კარგი საშუალება, ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას მისწვდეს, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.„საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, პირველი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

ირანის ელჩი: კავკასია იმ ერთიანი სამყაროს ნაწილია, რომელიც ოდესღაც ინდო-ირანული ცივილიზაციის კულტურულ, ეკონომიკურ და ხელოვნების გზებთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული

,,წუხელ, ზუგდიდში გამართულ აფხაზურ კულტურულ ღონისძიებაზე, თეატრალური წარმოდგენის ერთ-ერთ სცენაში, ეს სამეული „სიცოცხლის ხის“ სიმბოლოს განასახიერებდა. როდესაც “სიცოცხლის ხის“ სიმბოლო რიტუალურ მოძრაობებსა და ტრადიციულ სამოსში გაცოცხლდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ირანსა და კავკასიას შორის არსებული საერთო ცივილიზაციური მეხსიერების კვალი — მეხსიერება, რომელიც დღევანდელ საზღვრებს არ ეკუთვნის, არამედ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების, კულტურული გაცვლისა და დიალოგის ნაყოფია. პერსეპოლისის რელიეფებზეც გვხვდება სიმეტრიული მცენარეული ორნამენტები, წმინდა კვიპაროსი და ტოტების ფორმები, რომლებიც კავკასიურ სიმბოლოებს მოგვაგონებს. კავკასიის ადგილობრივ კულტურებში „ხე“ ერის უწყვეტობის, წინაპართა მეხსიერებისა და ბუნების აღორძინების სიმბოლოა. სიცოცხლის ხე, ზეცისკენ აღმართული ტოტებით, კავკასიელი ხალხებისთვის მხოლოდ დეკორატიული ნიშანი არ არის; ისევე როგორც ძველი ირანის ხელოვნებაში წმინდა ხე და კვიპაროსი მარადიულობის, კურთხევისა და მიწისა და ცის კავშირის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. პერსეპოლისის ქვის რელიეფებიდან სასანური ეპოქის ორნამენტებამდე, კავკასიური მითებიდან აფხაზური და ქართული ტრადიციების ჩათვლით — შესაძლებელია საერთო სიმბოლური ენის დანახვა. ამ წარმოდგენაში გამოყენებული გრძელი სამოსი და მეტალის გვირგვინები ძველი ირანული სამყაროს ესთეტიკას გვახსენებს, რომელიც ირანის ქვის რელიეფებზე, განსაკუთრებით პერსეპოლისში, არის გამოსახული. აფხაზები კავკასიელი ხალხია და მათი ენა ირანული არ არის, თუმცა ისინი შავი ზღვისა და ირანის დამაკავშირებელ სივრცეში ცხოვრობდნენ; ურთიერთობა ჰქონდათ ირანულ, ბერძნულ, ბიზანტიურ და მოგვიანებით ოსმალურ სახელმწიფოებთან; მათი ხელოვნებისა და ცერემონიების ნაწილი ირანული კულტურული სივრცის გავლენით ჩამოყალიბდა ან გარდაიქმნა. სინამდვილეში, კავკასია შეიძლება ჩაითვალოს „ცივილიზაციების გადაკვეთის მხარედ“, სადაც ირანული, ბიზანტიური, ადგილობრივი კავკასიური და ელინისტური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. კავკასია იმ ერთიანი სამყაროს ნაწილია, რომელიც ოდესღაც ინდო-ირანული ცივილიზაციის კულტურულ, ეკონომიკურ და ხელოვნების გზებთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. ამ კულტურულმა წარმოდგენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კავკასია ირანის პერიფერია კი არა, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხიდი იყო ცივილიზაციებს შორის — ირანის ზეგანს, შავ ზღვასა და ანატოლიას შორის. ხელების მოძრაობების ფორმაც და რიტუალური სიმეტრიაც აღმოსავლურ ტრადიციებში ცნობილ იდეებს ატარებს: კურთხევის თხოვნას, კოსმიურ ჰარმონიასა და სიცოცხლის ციკლის პატივისცემას. ირანისა და კავკასიის ურთიერთობა მხოლოდ თანამედროვე პოლიტიკით ვერ აიხსნება. ხალხებს შორის ეს კავშირი ისტორიის უფრო ღრმა ფენებში იღებს სათავეს — მუსიკაში, არქიტექტურაში, სამოსში, მითოლოგიაში, სიმბოლოთა ენასა და ხალხთა კოლექტიურ მეხსიერებაში. ალბათ ამიტომაც, როდესაც ასეთ სცენებს ვუყურებთ, გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი საერთო წარსულის ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალია — წარსული, რომელიც არა ჰეგემონიისთვის, არამედ ურთიერთგაგებისა და რეგიონული კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემისთვის უნდა წავიკითხოთ თავიდან''-წერს ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი.

ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანის პატიმრობას ეხმაურება

„რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში და არც იმაში, რომ ვინმეს პირადად ვიცნობთ ან არ ვიცნობთ. ცნობილი ჟურნალისტია თუ არა. საქმე ისაა , რომ არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი ....რბილად რომ ვთქვათ“, — წერს ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გზის გადაკეტვის გამო, 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სიკვდილით დასჯამ მსოფლიოში, ბოლო 44 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან, თუმცა სასჯელის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია.2025 წელს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 2707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2024 წელთან შედარებით, 77 პროცენტით მეტია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „ამნესტი ინტერნეშენალმა“ 1981 წლის შემდეგ დააფიქსირა, როდესაც სიკვდილით დასჯის 3191 შემთხვევა აღირიცხა.საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში - „სიკვდილით დასჯა და აღსრულებები 2025“ - დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა გამოწვეულია როგორც ცალკეული მთავრობების პოლიტიკური კურსით, ასევე სიკვდილით დასჯის ხელახლა შემოღებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ სუდანი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.„სიკვდილით დასჯის გამოყენების ზრდის ეს საგანგაშო მაჩვენებელი განპირობებულია სახელმწიფოთა მცირე, იზოლირებული ჯგუფის ქმედებებით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად აღასრულონ სიკვდილით დასჯა, მიუხედავად მისი გაუქმებისკენ მიმართული გლობალური ტენდენციისა“, - ანგარიშში შესული დასკვნის ციტირებას ახდენს „ამნესტი ინტერნეშენალის“ გენერალური მდივანი, ანიეს კალამარი.„ეს არაკეთილსინდისიერი უმცირესობა - ჩინეთით, ირანით, ჩრდილოეთ კორეით და საუდის არაბეთით დაწყებული და იემენით, ქუვეითით, სინგაპურითა და აშშ-ით დამთავრებული, - სიკვდილით დასჯას იყენებს როგორც იარაღს შიშის დასანერგად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და იმ ძალაუფლების საილუსტრაციოდ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ დაუცველ ადამიანებთან და მარგინალიზებულ ჯგუფებთან მიმართებაში“, - დასძინა მან.ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, თუმცა დასჯის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია, რადგან ეს მონაცემები დღესაც სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.ამ მიზეზით, „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ აღრიცხული სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობაში არ არის შესული ათასობით აღსრულება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთში განხორციელდა, ისევე როგორც ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები, სადაც, ორგანიზაციის ვარაუდით, ეს პრაქტიკა ასევე ფართოდ გამოიყენება.თუმცა, ამ ნახტომისებრ ზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ირანის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც 2025 წელს, სულ მცირე, 2159 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რაც წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.გასულ წელს, სიკვდილით დასჯა, მთლიანობაში, 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც ორით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე (15 ქვეყანა).მსოფლიოში აღრიცხული სიკვდილით დასჯის შემთხვევების თითქმის ნახევარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებს შეეხება, რაც „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომში“ მკაცრი სადამსჯელო მიდგომების გამოყენების განახლებას მოჰყვა.2025 წელს ასევე დაფიქსირდა, სულ მცირე, 2334 ახალი სასიკვდილო განაჩენი 48 ქვეყანაში, მაშინ როცა 2024 წელს რეგისტრირებული იყო, სულ მცირე, 2087 სასიკვდილო განაჩენი 46 ქვეყანაში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის აშშ გამოირჩევა ზედიზედ მე-17 წელია, აშშ ერთადერთი ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. გასულ წელს, აშშ-ის 11 შტატში განხორციელა სიკვდილით დასჯა, რაც 2 შტატით მეტია, 2024 წელთან შედარებით.აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონად - 2025 წელს, სიკვდილის დასჯის აღსრულება განხორციელდა შვიდ ქვეყანაში (ავღანეთი, ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი და ვიეტნამი), რაც ორით მეტია, 2024 წელთან შედარებით.პაუზის შემდეგ, სიკვდილით დასჯა განახლდა იაპონიასა და ტაივანში, ხოლო სინგაპურის მთავრობამ სიკვდილით დასჯის ყოველწლიური საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, თითქმის გააორმაგა.ახლო აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა „საგანგაშოდ გაიზარდა“ - 2024 წლის, სულ მცირე, 1442 შემთხვევიდან, 2025 წელს, სულ მცირე, 2611 შემთხვევამდე ავიდა. ირანში სიკვდილით დასჯის 2159 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, 1981 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები რეკორდულად მაღალია და 2024 წლის, სულ მცირე, 345 შემთხვევიდან 2025 წელს, სულ მცირე, 356 შემთხვევამდე გაიზარდა.ამის საპირისპიროდ, სუბსაჰარულ აფრიკაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 47 პროცენტით შემცირდა - 34-დან (2024 წელი) 18-მდე (2025 წელი). ამ რეგიონში სიკვდილით დასჯის აღსრულებები მხოლოდ სომალით და სამხრეთ სუდანით შემოიფარგლება.გასულ წელს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა, ქვეყნები, რომლებიც მას ახორციელებენ, მაინც უმცირესობაში არიან. „მსოფლიოს სხვა ნაწილებში პროგრესი მიღწეულია, რაც ამტკიცებს, რომ იმედი შიშზე ძლიერია“, - აცხადებს ორგანიზაცია.„დროა, ქვეყნებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯას იყენებენ, დანარჩენ მსოფლიოს ფეხი აუწყონ და ეს საშინელი პრაქტიკა წარსულს ჩააბარონ. სიკვდილით დასჯა უფრო უსაფრთხოდ არავის აქცევს. პირიქით, ეს არის კაცობრიობის შეურაცხყოფა, რომელიც შიშით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით არის გამოწვეული“, - მიიჩნევს ანიეს კალამარი.

ბოლო სიახლეები