ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

სიკვდილით დასჯამ მსოფლიოში, ბოლო 44 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან, თუმცა სასჯელის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია.

2025 წელს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 2707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2024 წელთან შედარებით, 77 პროცენტით მეტია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „ამნესტი ინტერნეშენალმა“ 1981 წლის შემდეგ დააფიქსირა, როდესაც სიკვდილით დასჯის 3191 შემთხვევა აღირიცხა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში – „სიკვდილით დასჯა და აღსრულებები 2025“ – დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა გამოწვეულია როგორც ცალკეული მთავრობების პოლიტიკური კურსით, ასევე სიკვდილით დასჯის ხელახლა შემოღებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ სუდანი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„სიკვდილით დასჯის გამოყენების ზრდის ეს საგანგაშო მაჩვენებელი განპირობებულია სახელმწიფოთა მცირე, იზოლირებული ჯგუფის ქმედებებით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად აღასრულონ სიკვდილით დასჯა, მიუხედავად მისი გაუქმებისკენ მიმართული გლობალური ტენდენციისა“, – ანგარიშში შესული დასკვნის ციტირებას ახდენს „ამნესტი ინტერნეშენალის“ გენერალური მდივანი, ანიეს კალამარი.

„ეს არაკეთილსინდისიერი უმცირესობა – ჩინეთით, ირანით, ჩრდილოეთ კორეით და საუდის არაბეთით დაწყებული და იემენით, ქუვეითით, სინგაპურითა და აშშ-ით დამთავრებული, – სიკვდილით დასჯას იყენებს როგორც იარაღს შიშის დასანერგად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და იმ ძალაუფლების საილუსტრაციოდ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ დაუცველ ადამიანებთან და მარგინალიზებულ ჯგუფებთან მიმართებაში“, – დასძინა მან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, თუმცა დასჯის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია, რადგან ეს მონაცემები დღესაც სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.

ამ მიზეზით, „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ აღრიცხული სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობაში არ არის შესული ათასობით აღსრულება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთში განხორციელდა, ისევე როგორც ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები, სადაც, ორგანიზაციის ვარაუდით, ეს პრაქტიკა ასევე ფართოდ გამოიყენება.

თუმცა, ამ ნახტომისებრ ზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ირანის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც 2025 წელს, სულ მცირე, 2159 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რაც წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

გასულ წელს, სიკვდილით დასჯა, მთლიანობაში, 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც ორით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე (15 ქვეყანა).

მსოფლიოში აღრიცხული სიკვდილით დასჯის შემთხვევების თითქმის ნახევარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებს შეეხება, რაც „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომში“ მკაცრი სადამსჯელო მიდგომების გამოყენების განახლებას მოჰყვა.

2025 წელს ასევე დაფიქსირდა, სულ მცირე, 2334 ახალი სასიკვდილო განაჩენი 48 ქვეყანაში, მაშინ როცა 2024 წელს რეგისტრირებული იყო, სულ მცირე, 2087 სასიკვდილო განაჩენი 46 ქვეყანაში.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის აშშ გამოირჩევა

ზედიზედ მე-17 წელია, აშშ ერთადერთი ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. გასულ წელს, აშშ-ის 11 შტატში განხორციელა სიკვდილით დასჯა, რაც 2 შტატით მეტია, 2024 წელთან შედარებით.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონად – 2025 წელს, სიკვდილის დასჯის აღსრულება განხორციელდა შვიდ ქვეყანაში (ავღანეთი, ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი და ვიეტნამი), რაც ორით მეტია, 2024 წელთან შედარებით.

პაუზის შემდეგ, სიკვდილით დასჯა განახლდა იაპონიასა და ტაივანში, ხოლო სინგაპურის მთავრობამ სიკვდილით დასჯის ყოველწლიური საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, თითქმის გააორმაგა.

ახლო აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა „საგანგაშოდ გაიზარდა“ – 2024 წლის, სულ მცირე, 1442 შემთხვევიდან, 2025 წელს, სულ მცირე, 2611 შემთხვევამდე ავიდა. ირანში სიკვდილით დასჯის 2159 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, 1981 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები რეკორდულად მაღალია და 2024 წლის, სულ მცირე, 345 შემთხვევიდან 2025 წელს, სულ მცირე, 356 შემთხვევამდე გაიზარდა.

ამის საპირისპიროდ, სუბსაჰარულ აფრიკაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 47 პროცენტით შემცირდა – 34-დან (2024 წელი) 18-მდე (2025 წელი). ამ რეგიონში სიკვდილით დასჯის აღსრულებები მხოლოდ სომალით და სამხრეთ სუდანით შემოიფარგლება.

გასულ წელს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა, ქვეყნები, რომლებიც მას ახორციელებენ, მაინც უმცირესობაში არიან. „მსოფლიოს სხვა ნაწილებში პროგრესი მიღწეულია, რაც ამტკიცებს, რომ იმედი შიშზე ძლიერია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„დროა, ქვეყნებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯას იყენებენ, დანარჩენ მსოფლიოს ფეხი აუწყონ და ეს საშინელი პრაქტიკა წარსულს ჩააბარონ. სიკვდილით დასჯა უფრო უსაფრთხოდ არავის აქცევს. პირიქით, ეს არის კაცობრიობის შეურაცხყოფა, რომელიც შიშით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით არის გამოწვეული“, – მიიჩნევს ანიეს კალამარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ნათლად უნდა უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა ის

ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ნათლად უნდა უპასუხოს კითხვას: არსებობს თუ არა ის?, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ასევე მისი ტერიტორიის გავლით სომხეთის საქონლის შეზღუდვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე, სულ მცირე, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რიგ წევრ სახელმწიფოებში.„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რამდენიმე კონცეპტუალურ პრინციპს ეფუძნება: შრომის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. თუ ეს არ არსებობს, მაშინ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. და ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ამ კითხვას ნათლად უნდა უპასუხოს: არსებობს თუ არა ის? ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს და ჩვენ, როგორც წევრი სახელმწიფო, გვჯერა, რომ გარკვეული გაუგებრობა მოხდა. თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი იტყვის: „იცით რა, მე აღარ ვარსებობ“, მაშინ თუ ისინი არ არსებობენ, რა ვქნათ? ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ვართ და იქ ვმუშაობთ. ახლა ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა უნდა თქვას, არსებობს თუ არა ის. თუ ის პირდაპირ თუ ირიბად იტყვის, რომ არ არსებობს, მაშინ რა ვქნათ? აქ მიმდინარე მოვლენები, სულ მცირე, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა ფაშინიანმა.ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებისთვის სომხეთთან დაკავშირებით მისი არყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს – რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც სომხეთს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის შესახებ.„რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები ჩვენი კოლეგებისთვის ჩემი არყოფნის დროს გაკეთებული განცხადების შესახებ და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, შეუძლია თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რომელიმე ქვეყანას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, უბრალოდ გაღვიძებით და გადაწყვეტილების მიღებით. ჩემი აზრით, თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი თვითლიკვიდაციას აცხადებს. ახლა კი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიო პასუხი: არსებობს თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი? თუ არსებობს, ჩვენ პოზიციას დავიკავებთ; თუ არა, განსაკუთრებული პოზიციის დაკავება საჭირო არ იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა. 

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს, აგრესიას, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქციაა, საქართველოში არ დაუშვას სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა

ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა.„ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სამმართველოს საქმიანობა. ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია, აღვკვეთოთ, იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს.პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 100 ლარისა; 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ხე-ბუჩქნარის დაზიანება გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა.გარდა ამისა, ღამის პირველი საათიდან დილის ექვს საათამდე, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, სადისტრიბუციო მანქანებს ე.წ. BUS LANE-ში, ტვირთის გადმოსატვირთად დადგომის უფლება ექნებათ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ქვეყანას 60 მლნ ლარს

ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად.„ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მლნ ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით.  მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. პირველ რიგში, ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება.„მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობაა. 35 წელიწადი აბა, რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ? მაშინ როდესაც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს მათი ნებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეუძლებელი საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის შედარება. დავრწმუნდით ყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ქართველს ვერც კი დაესიზმრება, იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს, ევროპული იდეის გამო. ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ხდება რეალურად ევროკავშირის გაფართოების თემაზე. როგორც ჩანს, მოლდოვას არ აქვს იმედი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, მოლდოვას დემონსტრაციულად აცხადებენ სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. საუბარი საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და ევროკავშირში რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.

ბოლო სიახლეები