სამშაბათი, მაისი 19, 2026

ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანის პატიმრობას ეხმაურება

„რა ვიცი, რა გითხრათ აბა… გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში და არც იმაში, რომ ვინმეს პირადად ვიცნობთ ან არ ვიცნობთ. ცნობილი ჟურნალისტია თუ არა.
საქმე ისაა , რომ არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი ….რბილად რომ ვთქვათ“, — წერს ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გზის გადაკეტვის გამო, 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.„საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, პირველი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

ირანის ელჩი: კავკასია იმ ერთიანი სამყაროს ნაწილია, რომელიც ოდესღაც ინდო-ირანული ცივილიზაციის კულტურულ, ეკონომიკურ და ხელოვნების გზებთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული

,,წუხელ, ზუგდიდში გამართულ აფხაზურ კულტურულ ღონისძიებაზე, თეატრალური წარმოდგენის ერთ-ერთ სცენაში, ეს სამეული „სიცოცხლის ხის“ სიმბოლოს განასახიერებდა. როდესაც “სიცოცხლის ხის“ სიმბოლო რიტუალურ მოძრაობებსა და ტრადიციულ სამოსში გაცოცხლდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ირანსა და კავკასიას შორის არსებული საერთო ცივილიზაციური მეხსიერების კვალი — მეხსიერება, რომელიც დღევანდელ საზღვრებს არ ეკუთვნის, არამედ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების, კულტურული გაცვლისა და დიალოგის ნაყოფია. პერსეპოლისის რელიეფებზეც გვხვდება სიმეტრიული მცენარეული ორნამენტები, წმინდა კვიპაროსი და ტოტების ფორმები, რომლებიც კავკასიურ სიმბოლოებს მოგვაგონებს. კავკასიის ადგილობრივ კულტურებში „ხე“ ერის უწყვეტობის, წინაპართა მეხსიერებისა და ბუნების აღორძინების სიმბოლოა. სიცოცხლის ხე, ზეცისკენ აღმართული ტოტებით, კავკასიელი ხალხებისთვის მხოლოდ დეკორატიული ნიშანი არ არის; ისევე როგორც ძველი ირანის ხელოვნებაში წმინდა ხე და კვიპაროსი მარადიულობის, კურთხევისა და მიწისა და ცის კავშირის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. პერსეპოლისის ქვის რელიეფებიდან სასანური ეპოქის ორნამენტებამდე, კავკასიური მითებიდან აფხაზური და ქართული ტრადიციების ჩათვლით — შესაძლებელია საერთო სიმბოლური ენის დანახვა. ამ წარმოდგენაში გამოყენებული გრძელი სამოსი და მეტალის გვირგვინები ძველი ირანული სამყაროს ესთეტიკას გვახსენებს, რომელიც ირანის ქვის რელიეფებზე, განსაკუთრებით პერსეპოლისში, არის გამოსახული. აფხაზები კავკასიელი ხალხია და მათი ენა ირანული არ არის, თუმცა ისინი შავი ზღვისა და ირანის დამაკავშირებელ სივრცეში ცხოვრობდნენ; ურთიერთობა ჰქონდათ ირანულ, ბერძნულ, ბიზანტიურ და მოგვიანებით ოსმალურ სახელმწიფოებთან; მათი ხელოვნებისა და ცერემონიების ნაწილი ირანული კულტურული სივრცის გავლენით ჩამოყალიბდა ან გარდაიქმნა. სინამდვილეში, კავკასია შეიძლება ჩაითვალოს „ცივილიზაციების გადაკვეთის მხარედ“, სადაც ირანული, ბიზანტიური, ადგილობრივი კავკასიური და ელინისტური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. კავკასია იმ ერთიანი სამყაროს ნაწილია, რომელიც ოდესღაც ინდო-ირანული ცივილიზაციის კულტურულ, ეკონომიკურ და ხელოვნების გზებთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. ამ კულტურულმა წარმოდგენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კავკასია ირანის პერიფერია კი არა, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხიდი იყო ცივილიზაციებს შორის — ირანის ზეგანს, შავ ზღვასა და ანატოლიას შორის. ხელების მოძრაობების ფორმაც და რიტუალური სიმეტრიაც აღმოსავლურ ტრადიციებში ცნობილ იდეებს ატარებს: კურთხევის თხოვნას, კოსმიურ ჰარმონიასა და სიცოცხლის ციკლის პატივისცემას. ირანისა და კავკასიის ურთიერთობა მხოლოდ თანამედროვე პოლიტიკით ვერ აიხსნება. ხალხებს შორის ეს კავშირი ისტორიის უფრო ღრმა ფენებში იღებს სათავეს — მუსიკაში, არქიტექტურაში, სამოსში, მითოლოგიაში, სიმბოლოთა ენასა და ხალხთა კოლექტიურ მეხსიერებაში. ალბათ ამიტომაც, როდესაც ასეთ სცენებს ვუყურებთ, გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი საერთო წარსულის ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალია — წარსული, რომელიც არა ჰეგემონიისთვის, არამედ ურთიერთგაგებისა და რეგიონული კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემისთვის უნდა წავიკითხოთ თავიდან''-წერს ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი.

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება.რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.

სიკვდილით დასჯამ მსოფლიოში, ბოლო 44 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან, თუმცა სასჯელის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია.2025 წელს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 2707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2024 წელთან შედარებით, 77 პროცენტით მეტია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „ამნესტი ინტერნეშენალმა“ 1981 წლის შემდეგ დააფიქსირა, როდესაც სიკვდილით დასჯის 3191 შემთხვევა აღირიცხა.საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში - „სიკვდილით დასჯა და აღსრულებები 2025“ - დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა გამოწვეულია როგორც ცალკეული მთავრობების პოლიტიკური კურსით, ასევე სიკვდილით დასჯის ხელახლა შემოღებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ სუდანი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.„სიკვდილით დასჯის გამოყენების ზრდის ეს საგანგაშო მაჩვენებელი განპირობებულია სახელმწიფოთა მცირე, იზოლირებული ჯგუფის ქმედებებით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად აღასრულონ სიკვდილით დასჯა, მიუხედავად მისი გაუქმებისკენ მიმართული გლობალური ტენდენციისა“, - ანგარიშში შესული დასკვნის ციტირებას ახდენს „ამნესტი ინტერნეშენალის“ გენერალური მდივანი, ანიეს კალამარი.„ეს არაკეთილსინდისიერი უმცირესობა - ჩინეთით, ირანით, ჩრდილოეთ კორეით და საუდის არაბეთით დაწყებული და იემენით, ქუვეითით, სინგაპურითა და აშშ-ით დამთავრებული, - სიკვდილით დასჯას იყენებს როგორც იარაღს შიშის დასანერგად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და იმ ძალაუფლების საილუსტრაციოდ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ დაუცველ ადამიანებთან და მარგინალიზებულ ჯგუფებთან მიმართებაში“, - დასძინა მან.ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, თუმცა დასჯის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია, რადგან ეს მონაცემები დღესაც სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.ამ მიზეზით, „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ აღრიცხული სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობაში არ არის შესული ათასობით აღსრულება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთში განხორციელდა, ისევე როგორც ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები, სადაც, ორგანიზაციის ვარაუდით, ეს პრაქტიკა ასევე ფართოდ გამოიყენება.თუმცა, ამ ნახტომისებრ ზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ირანის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც 2025 წელს, სულ მცირე, 2159 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რაც წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.გასულ წელს, სიკვდილით დასჯა, მთლიანობაში, 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც ორით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე (15 ქვეყანა).მსოფლიოში აღრიცხული სიკვდილით დასჯის შემთხვევების თითქმის ნახევარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებს შეეხება, რაც „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომში“ მკაცრი სადამსჯელო მიდგომების გამოყენების განახლებას მოჰყვა.2025 წელს ასევე დაფიქსირდა, სულ მცირე, 2334 ახალი სასიკვდილო განაჩენი 48 ქვეყანაში, მაშინ როცა 2024 წელს რეგისტრირებული იყო, სულ მცირე, 2087 სასიკვდილო განაჩენი 46 ქვეყანაში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის აშშ გამოირჩევა ზედიზედ მე-17 წელია, აშშ ერთადერთი ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. გასულ წელს, აშშ-ის 11 შტატში განხორციელა სიკვდილით დასჯა, რაც 2 შტატით მეტია, 2024 წელთან შედარებით.აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონად - 2025 წელს, სიკვდილის დასჯის აღსრულება განხორციელდა შვიდ ქვეყანაში (ავღანეთი, ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი და ვიეტნამი), რაც ორით მეტია, 2024 წელთან შედარებით.პაუზის შემდეგ, სიკვდილით დასჯა განახლდა იაპონიასა და ტაივანში, ხოლო სინგაპურის მთავრობამ სიკვდილით დასჯის ყოველწლიური საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, თითქმის გააორმაგა.ახლო აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა „საგანგაშოდ გაიზარდა“ - 2024 წლის, სულ მცირე, 1442 შემთხვევიდან, 2025 წელს, სულ მცირე, 2611 შემთხვევამდე ავიდა. ირანში სიკვდილით დასჯის 2159 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, 1981 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები რეკორდულად მაღალია და 2024 წლის, სულ მცირე, 345 შემთხვევიდან 2025 წელს, სულ მცირე, 356 შემთხვევამდე გაიზარდა.ამის საპირისპიროდ, სუბსაჰარულ აფრიკაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 47 პროცენტით შემცირდა - 34-დან (2024 წელი) 18-მდე (2025 წელი). ამ რეგიონში სიკვდილით დასჯის აღსრულებები მხოლოდ სომალით და სამხრეთ სუდანით შემოიფარგლება.გასულ წელს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა, ქვეყნები, რომლებიც მას ახორციელებენ, მაინც უმცირესობაში არიან. „მსოფლიოს სხვა ნაწილებში პროგრესი მიღწეულია, რაც ამტკიცებს, რომ იმედი შიშზე ძლიერია“, - აცხადებს ორგანიზაცია.„დროა, ქვეყნებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯას იყენებენ, დანარჩენ მსოფლიოს ფეხი აუწყონ და ეს საშინელი პრაქტიკა წარსულს ჩააბარონ. სიკვდილით დასჯა უფრო უსაფრთხოდ არავის აქცევს. პირიქით, ეს არის კაცობრიობის შეურაცხყოფა, რომელიც შიშით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით არის გამოწვეული“, - მიიჩნევს ანიეს კალამარი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა

„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ, ცნობილი მკვლევრისა და სამართალმცოდნის, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის - პროფესორ ალექსანდრე (ალიკო) ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსებით დაჯილდოვდებიან. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი უსაყვარლესი კოლეგის სახელი ამ გზითაც იქნება უკვდავყოფილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებისა და მათთვის დაფინანსების დაწესებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სახელობითი დაფინანსების დაწესების თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცნობილი სამართალმცოდნისა და მკვლევრის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ალექსანდრე ტალიაშვილის ვაჟმა - გიორგი ტალიაშვილმა.მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახის წევრებმა. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სახელობითი დაფინანსების დაწესების მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრების მხარდაჭერა ისეთი ინტერდისციპლინური ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს სტრატეგიულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, საინვესტიციო, ტექნოლოგიურ და რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს.პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მემორანდუმი არ მოიაზრებს რომელიმე ერთ კონკრეტულ დისციპლინასა თუ სექტორს. მისი ძირითადი დანიშნულებაა იმ იდეების, ნაშრომებისა და კვლევების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ცოდნისა და ანალიზის მეშვეობით გააძლიერებს.„ჩვენ გვქონდა ბედნიერება, საუნივერსიტეტო სივრცეში ურთიერთობა გვქონოდა შესანიშნავ იურისტთან და მკვლევართან, აკადემიური საბჭოს წევრთან - პროფესორ ალიკო ტალიაშვილთან, რომელიც გამოირჩეოდა თავისი პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფუძნებაში. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი დაჯილდოებული იყო შესაშური პედაგოგიური უნარებით და უდიდეს ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობის დაფინანსება, რომელიც გადაეცემა კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო სტუდენტურ ჯგუფს.დარწმუნებული ვართ, ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ახალგაზრდებს იფიქრონ ინოვაციურად, იმუშაონ გუნდურად და საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარების სამსახურში ჩააყენონ. პროფესორ ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსების მიღება ახალგაზრდებისთვის იქნება არა მხოლოდ მათი წარმატების აღიარება, არამედ პასუხისმგებლობაც - ემსახურონ ქვეყანას პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალულნი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელობითი დაფინანსება ორიენტირებული იქნება სტუდენტთა ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაზე, რადგან თანამედროვე სამყაროში სწორედ სხვადასხვა სფეროში აკუმულირებული ცოდნის გაერთიანება ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს. უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ამ დაფინანსების ფარგლებში არაერთი საინტერესო სტუდენტური ინიციატივა განხორციელდება, რომელიც თავის რეალურ წვლილს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამართლებრივ და სოციალურ განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ამ ღირსეული გადაწყვეტილებისთვის“, — აღნიშნა თამარ წერეთელმა.გარდაცვლილი მეცნიერის შვილის განცხადებით, ტალიაშვილების ოჯახისთვის დიდი პატივია სახელობითი დაფინანსების დაწესება იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც პროფესორი ალექსანდრე ტალიაშვილი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. მისი განმარტებით, სახელობითი დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 2000 ევროს ექვივალენტით ლარში და აღნიშნული ჯილდო კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულ ინტერდისციპლინურ სტუდენტურ ჯგუფს ან ჯგუფებს გადაეცემათ. როგორც გიორგი ტალიაშვილმა აღნიშნა, ჩასატარებელი კონკურსის ვადებისა და პირობების, დაფინანსების გაცემის წესისა და შეფასების კრიტერიუმების, ასევე საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შესახებ მემორანდუმის მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება.სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იურისტსა და მკვლევარს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველ ალექსანდრე ტალიაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი 1924 წელს, სიცოცხლეშივე გადაეცა; ხოლო რექტორის - აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებითა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ფოტოსურათი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა და პედაგოგთა გალერეაშია განთავსებული.

ბოლო სიახლეები