პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.
„თეირანში ვიზიტის ფარგლებში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დავესწარი.
ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

