შაბათი, ნოემბერი 14, 2026

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II საშობაო ეპისტოლე

 

,,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოსო ბარათაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება – თუ მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება...

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.ის ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ადვოკატთან, ნათია თამაზაშვილთან ერთად სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.„სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და მის მოადგილეს, ელენე ღუდუშაურს შევხვდით. მათ გამოთქვეს დაინტერესება ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმით, ეს შეეხება როგორც მიმდინარე საქმეს, ასევე, მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ამ საქმეებს შეისწავლიან, რასაკვირველია, ჩვენი მხარე ხელს შეუწყობს მათ ამ საქმის შესწავლაში.ლევან იოსელიანმა გამოთქვა მზადყოფნა, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდეს, ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება“, - განაცხადა ბარათაშვილმა.მისივე თქმით, ღარიბაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურორიც შეხვდება.„გუშინ ღამით დამიკავშირდა პროკურორი, რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების სურვილი აქვს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით ორშაბათს შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, - განაცხადა ბარათაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამთო ტექნიკის წამყვან მომწოდებელ კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ (Borusan Cat Georgia) და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, სამთო ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას და მაღალკვალიფიციური, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, „ბორუსან კატ საქართველოს“ დირექტორმა ნიჰათ ბერქ ოზთურქმა და „RMG“-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენელთა ერთობლივ ინიციატივას, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის პრაქტიკულ საწარმოო გამოცდილებასთან დაახლოება და სამთო დარგში პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა.სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის, სიმულაციური სწავლებისა და უშუალო საწარმოო პრაქტიკის ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებას.„მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწავლების პროცესის უშუალოდ საწარმოო გარემოში გაგრძელება. „RMG“-ის საწარმოო ტერიტორიაზე დაგეგმილია ინსტრუქტაჟისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორგანიზება, რაც სასწავლო პროცესს რეალურ სამუშაო გამოცდილებასთან დააკავშირებს. სტუდენტებსა და გადამზადების პროგრამებში ჩართულ სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკულად გაეცნონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის სპეციფიკას, მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებსა და საწარმოო პროცესების ორგანიზების თანამედროვე მიდგომებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო კურსებისა და მეთოდური რესურსების შექმნის მიმართულებით, რომლებიც განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის, არამედ ინჟინრების, ტექნიკური ზედამხედველებისა და სერვისის პერსონალისთვისაც. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროფესიული მიმართულების წარმომადგენელთა კომპეტენციების სისტემურ განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიწოდებას. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, Borusan Cat-ის ტექნიკური ექსპერტები და „RMG“-ის პრაქტიკოსი სპეციალისტები. მათი ერთობლივი საქმიანობა გამოცდილების გაზიარებას, დარგის აქტუალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას დაეფუძნება. ამასთანავე, დაგეგმილია მასტერკლასების, ტექნიკური დემონსტრაციების, გამოყენებითი კვლევებისა და საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც უნივერსიტეტსა და საწარმოო სექტორს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიური გამოცდილების გაცვლის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტს, „ბორუსან კატ საქართველოსა“ და „RMG“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, ისე სამთო მრეწველობის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის თვალსაზრისით. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, აკადემიური ცოდნის, ტექნიკური ექსპერტიზისა და საწარმოო გამოცდილების გაერთიანება ქმნის საფუძველს, რომ სასწავლო პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვდეს ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს, ხოლო მომზადებული სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციები თანამედროვე სამუშაო გარემოს საჭიროებებს შეესაბამებოდეს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განათლების, მეცნიერებისა და რეალური ეკონომიკური სექტორის ურთიერთკავშირის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური ცოდნა მაქსიმალურად დავუახლოვოთ თანამედროვე საწარმოო პროცესებს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პროფესიული განათლების, პრაქტიკული სწავლებისა და დარგობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ სამი განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი მიმართულების მქონე ინსტიტუცია ერთიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სივრცეს ქმნის. უნივერსიტეტს აქვს აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო განათლების მრავალწლიანი გამოცდილება, „ბორუსან კატ საქართველო“, როგორც Caterpillar-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ფლობს მძიმე ტექნიკის, თანამედროვე საინჟინრო სისტემებისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო „RMG“ წარმოადგენს რეალურ საწარმოო გარემოს, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, საინჟინრო პროცესები და უსაფრთხოების სტანდარტები ყოველდღიურ პრაქტიკაში ხორციელდება. ამ სამი კომპეტენციის გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და მოქმედ სპეციალისტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენების სრულყოფილი შესაძლებლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა ახალი მიმართულება არ არის. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ საწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საინჟინრო განათლება მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და „RMG“-ის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ინიციატივა განხორციელდა. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვითარდება და მოიცავს საინჟინრო მიმართულების სტუდენტების მხარდაჭერას, სტაჟირებას, სტიპენდიებს, პროფესიულ მომზადებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს განვითარებას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნიკური და პროგრამული რესურსებით არის აღჭურვილი. ცენტრის განვითარებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამთო-გეოლოგიური მოდელირების, სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეფასებისა და გეოტექნიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებს. ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ფართო და პრაქტიკულ განზომილებას სძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბორუსან კატ საქართველოს“ ჩართულობა, რადგან თანამედროვე სამთო ინდუსტრია წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური მძიმე ტექნიკის, მისი მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის სათანადო ცოდნის გარეშე. Caterpillar-ის ტექნიკა მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სამთო-მოპოვებით და სხვა მძიმე ინდუსტრიებში, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიების შესწავლა სტუდენტებს საერთაშორისო პრაქტიკასთან და თანამედროვე საინჟინრო მიდგომებთან დააკავშირებს“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა და რუსეთის საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრს, ინფორმატიზაციის საერთაშორისო და ამერიკის საბუნებისმეტყველო აკადემიების წევრს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც რექტორის მილოცვაშია აღნიშნული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს პროფესორ ლევან ჯაფარიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, მისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და სამთო დარგის განვითარებასა და უმაღლესი განათლების სფეროში. რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.„ბატონო ლევან,გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს!მეცნიერების უმთავრესი დანიშნულება ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ინტელექტუალური საფუძვლის მომზადებაა. მეცნიერის ღვაწლი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც მისი კვლევები პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს და ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ განვითარებას ემსახურება.თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრებისა და მეცნიერებისადმი ერთგულების მაგალითია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო თქვენი წვლილი სამთო მეცნიერებისა და სამთო საქმის განვითარების მიმართულებით. ეს დარგი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, სამთო-გეოლოგიური პოტენციალი და ამ რესურსების რაციონალური გამოყენება უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, სამრეწველო შესაძლებლობებს, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. ამ პოტენციალის სწორად შესწავლა, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებით შეფასება და პასუხისმგებლიანი ათვისება მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს.თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით ქართული სამთო მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ათწლეულების განმავლობაში თქვენი ცოდნა და გამოცდილება სამეცნიერო კვლევასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც დაუკავშირეთ და არაერთი თაობის პროფესიულ ჩამოყალიბებაში შეიტანეთ წვლილი.ბატონო ლევან, თქვენი სამეცნიერო ავტორიტეტი, საერთაშორისო აღიარება და მრავალწლიანი საქმიანობა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, ცოდნისთვის და პროფესიული ერთგულებისთვის, რომლითაც ემსახურებით მეცნიერებასა და ქვეყანას.მრავალჟამიერ თქვენ, ბატონო ლევან! გისურვებთ, დღევანდელი შემართებით, ენერგიითა და ცხოვრებისეული სიბრძნით კიდევ მრავალი წელი გაგეგრძელებინოთ საქმიანობა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება გაგეზიარებინოთ სამეცნიერო საზოგადოებისა და მომავალი თაობებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს,...

ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მოწამეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოწამეები არიან ქრისტეს აღდგომის შესახებ ყველაზე დიდი მქადაგებლები.„გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა ასი ათასი მოწამე ისევე, როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიის. ისინი არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე.მოწამე ნიშნავს მოწმეს და აი, წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა, რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი გამხდარიყვნენ. წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობა მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით, ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი ვრცელდებოდა. ამას პირველი ბიძგი მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგება, რომელთა უმრავლესობამაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად. შემდგომ პერიოდებშიც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი. მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგან მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება. ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყო შემდგომ პერიოდებშიც, მეოცე საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა.დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლება, ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავს და ეკლესია დგას და არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად და ჩვენი ვალია შევძლოთ ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულში და ერთგულებაში“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ და სასამართლომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარეს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“ – წერს ირაკლი კობახიძე. 

ბოლო სიახლეები