კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
ის ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ადვოკატთან, ნათია თამაზაშვილთან ერთად სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
„სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და მის მოადგილეს, ელენე ღუდუშაურს შევხვდით. მათ გამოთქვეს დაინტერესება ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმით, ეს შეეხება როგორც მიმდინარე საქმეს, ასევე, მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ამ საქმეებს შეისწავლიან, რასაკვირველია, ჩვენი მხარე ხელს შეუწყობს მათ ამ საქმის შესწავლაში.
ლევან იოსელიანმა გამოთქვა მზადყოფნა, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდეს, ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურორიც შეხვდება.
„გუშინ ღამით დამიკავშირდა პროკურორი, რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების სურვილი აქვს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით ორშაბათს შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.
არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

