ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II საშობაო ეპისტოლე

 

,,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინული მედიის ცნობით, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ანტონ კოვალსკის დაავალა, წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ.საუბარია რადას დეპუტატებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კონვერტებით ფულის გადაცემის ეჭვზე.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ, მარკიან გალაბალამ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივარი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის უმოქმედობას ეხებოდა. ახლა კოვალსკი ვალდებულია, არახამიას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია რეესტრში დაარეგისტრიროს.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განცხადება 19 ოქტომბერს შეიტანა. ვარაუდობდნენ, რომ „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატებს ხმის მიცემისთვის კონვერტებით ფულს აძლევდა. კოვალსკიმ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა და განცხადება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ აღნიშნულ გარემოებებს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურო უკვე იძიებს.ცენტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელს შეუძლია. ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში კი დაადასტურეს, რომ რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის შეტანის გარეშე ბიურო არახამიას შესაძლო ქმედებებს ვერ გამოიძიებს.ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოქმედი დეპუტატები იყვნენ. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.პროკურორებმა ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ხმის მიცემების სანაცვლოდ ქრთამის იღებდნენ. უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს დეპუტატებისთვის კონვერტებით ფულის გაცემის საქმეზე დავით არახამიას თანაშემწე გაჩხრიკეს.

მიხეილ ყაველაშვილი – კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან, გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ

საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი შესრულდა.სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა რთული, გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ, ამავდროულად, უდიდესი სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის გზა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ახალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სისტემის მშენებლობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციის უზენაესობას, კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისი თქმით, ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოველთვის ემყარებოდა სამართლიანობისა და კანონიერების იდეას.„ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს სამართლებრივი ძეგლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდებშიც კი შეინარჩუნეს ერის სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური ერთიანობა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა საკონსტიტუციო კონტროლი – სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს.დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს, გარდამავალ ეპოქაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ირღვევა, საერთაშორისო სამართალმა და ნორმებმა ქმედითობა დაკარგა, ხოლო გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები პირდაპირ აისახება თითოეული ქვეყნის შიდა პროცესებზე. ამ ფონზე, კანონის უზენაესობა, სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და საზოგადოებრივი ნდობის მყარი საძირკველი.ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას.თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა ჩვენ წინაშე თვისობრივად ახალ გამოწვევებს აყენებს, ჩნდება ისეთი კომპლექსური სამართლებრივი საკითხები, რომლებიც სამი ათწლეულის წინ არ არსებობდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მისია უცვლელი რჩება: დაიცვას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და შეინარჩუნოს წონასწორობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან და გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეროვნულ თუ გლობალურ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს! დაე, საქართველოს კონსტიტუცია ყოველთვის იყოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო – მისი სამართლიანი და სანდო მცველი. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯიმ როუმთან საუბრისას ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. როგორც უაითი ამბობს, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება."თოფურია 2027-ის დასაწყისში დაბრუნდება, მაგ საკითხზე ვმუშაობთ. მთლიანად, ეს მსუბუქი წონის დივიზიონი... გვყავს გეიჯი, თოფურია, არმან ცარუკიანი, ოლივეირა, პედი პიმბლეტი, ჰოლოუეი... ტოპ 10-ის ყველა წევრი ნამდვილი მკვლელია. ასე რომ, ეს არის საუკეთესო და ყველაზე მაგარი დივიზიონი, რაც ამჟამად გვაქვს.ვის შეიძლება შეხვდეს ილია?კონკრეტულ სახელს არ დაგისახელებთ, რათა მერე ინსტაგრამის იდიოტურმა გვერდებმა არ აიტაცონ და არ წერონ: „აი, მან თქვა, რომ მას ეჩხუბება“. როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა უაითმა.შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2026 წლის 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბა და ჯასტინ გეიჯისთან მეოთხე რაუნდის ბოლოს, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო ბერიძე „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.„ამას ვიხვეწებით ორწელიწადნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები