ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში?
როგორც პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობის „არანაირი სურვილი არ აქვს“.
„ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის შესახებ. ეს მსხვერპლი რომ არა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საქართველომ და ქართველმა ხალხმა გაიღო, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი. რა თქმა უნდა, ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ გვაქვს.
მე ერთი რამ მაინტერესებს, ვიხილავთ თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, მათ, ვინც ნეპალით გვემუქრებოდნენ. ეს ხალხი გამოჩნდება თუ არა მათ ღონისძიებაზე და ხელს ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს. მაინტერესებს, 26 მაისს რომ დაანონსებული აქვთ კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ შეკრებაზე, ხელს თუ ჩამოართმევენ. ეს ბევრ რამეს აჩვენებს ქართველ ხალხს, სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის და რადიკალიზმის უკან“, – აღნიშნა პაპუაშილმა.

