დასავლელმა პოლიტიკოსებმა ყველა მოატყუეს, დაწყებული დაპირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამ ყველაფერმა კი უკრაინაში კონფლიქტი გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„დასავლეთის ამ ფიგურებმა, რომლებიც ცდილობენ უკრაინის გამოყენებას თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველა მოატყუეს და ახლა ამაზე საჯაროდ საუბრობენ. და ჩვენი მოტყუება დაიწყეს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. ნატო არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს აღმოსავლეთისაკენ – ასე გვეუბნებოდნენ მაშინ. და რა გამოვიდა? სად არის ეს? აი, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში, გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით.
„ისინი ჩვენთან ომობენ, უკრაინელების ხელით, მაგრამ, გავიმეორებ, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა იმ იმედით, რომ რუსეთში ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი რაღაცის ხელში ჩაგდებას შეძლებდნენ.
„რატომ გაწევრიანდა ფინეთი ნატო-ში? ფინეთთან რაიმე სახის ტერიტორიული დავა გვქონდა? – არა. ყველაფერი დიდი ხნის წინ მოგვარდა, არაფერი იყო საჭირო და ფინეთის ხელმძღვანელობას ეს ძალიან კარგად ესმოდა. რატომ შეუერთდნენ ნატო-ს? – იმ იმედით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი მაშინვე რაღაცებს ხელში ჩაიგდებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

