იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა, რომელიც აღკვეთეს ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე.
„ამ დროის განმავლობაში რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია, სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა გასული ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება, ეს შედეგი არ დადგებოდა. იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, მადლობა სუს-ს, სდსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცველს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
„ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და გრძელდება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მთავარია, რომ მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

