პარასკევი, აპრილი 24, 2026

მიხეილ სააკაშვილი – იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება – არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციის შეცდომაა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება“.

„დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში, ის უფრო სუსტია, ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის „ქოცებისთვის“ დათმობა, მაშინ, როცა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში, სამშობლოს აქტიურად ჰყიდიან. ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ “ქოცური” კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად, დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე, მცდარია ფაქტობრივად, შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: “აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა”, იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ – მავნებლობაა. ერთი და იმავე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება, თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ, რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა. ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით. ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე „ბაბლში“ ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით, გათიშვას უწყობს ხელს. საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით, არის ძირშივე არასწორი – როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ. განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები, რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ. ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ, როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში იმიტომ, რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები, რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს, რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას. რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. რატომ უარესი – იმიტომ, რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს, კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე, კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რამდენ ხანს გაგრძელდება უნალექო ამინდი – მეტეოროლოგის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. 25 აპრილს - გამოიდარებს. 26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება. 27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება. ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ილია წულაია – „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე

„ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.„ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.საუბარია დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა.მისივე თქმით, აშშ-ს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილება არ განუხორციელებია და, შესაბამისად, ვაშინგტონს ირანზე იერიში არ მიუტანია.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

მასუდ ფეზეშქიანი – ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა, ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ირანის პარლამენტის სპიკერ და ამავდროულად ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ირანში არა რადიკალები არამედ, „რევოლუციონერები“ არიან, ქვეყანაში კი ერსა და მთავრობას „რკინის ერთობა“ აქვთ.„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, – წერენ ფეზეშქიანი და ღალიბაფი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ თუ ვინ არის მათი ლიდერი.

ბოლო სიახლეები