შაბათი, ივნისი 14, 2025

ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა.
ეთერ კაკულია 1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.
ეთერ კაკულიას ძლიერი ხმა და საუკეთესო სცენური მონაცემები ჰქონდა. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად.
 
ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალექსანდრე ვაჩიბერაძე და ერთი შვილიშვილი მარიამი. მომღერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე.
 
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
 
2015 წლის 26 ივნისს ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.
 
ეთერ კაკულიას ბოლო ნამუშევარი ოთარ ტატიშვილის სიმღერა – “სიმღერა ჩემი ფრთებია” იყო, რომელმაც ყველა სატელევიზიო და რადიო ეთერი და ინტერნეტსივრცე მოიცვა.
 
მისი უკანასკნელი პირდაპირი ეთერი კი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის კვირაში” შედგა, სადაც მომღერალმა ქართველ ხალხს სიყვარულისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა და პირდაპირ ეთერში სიმღერა უკანასკნელად შეასრულა.
 
13 ივნისის სტიქიის დროს ეთერ კაკულიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მათ გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო.
 
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – ირანსა და ისრაელში სიტუაცია გაუარესდა, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს, ყველა ქვეყნის მოვალეობაა, დაიწყონ შერიგების გზების ძიება

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.მისი თქმით, სიტუაციას დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს.„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა – ტრაგედია გორში

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება" - თქვა ადგილობრივმა.

ისრაელ კაცი – ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს, ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.მისი თქმით, ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს.„ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მაცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

უცხოური მედია – ისრაელის მიერ თეირანში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია

თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია.ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედია წერს, ისრაელმა იერიში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა.ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ათამდე ადამიანი რჩებოდეს.13 ივნისს გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. როგორც „სიენენი“ წერს, ამ ეტაპისთვის უცნობია, შედის თუ არა ეს 60 ადამიანი ამ რიცხვში.

ირანის საგარეო უწყება – უცნობია, დავესწრებით თუ არა აშშ-თან მოლაპარაკებებს, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ მოლაპარაკებები უაზრობად აქცია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრებიან თუ არა თეირანის წარმომადგენლები, 15 ივნისს აშშ-თან დაგეგმილ მოლაპარაკებებს.უწყების პრესსპიკერის, ისმაილ ბაღეის თქმით, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ ეს მოლაპარაკებები „უაზრობად“ აქცია.„შეუძლებელია, ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოებაზე  საუბრობდე და რასისტულ რეჟიმს ირანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალებას აძლევდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები