საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შუა დერეფანი იძენს მნიშვნელობას და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ შუა დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც გარშემო ვხედავთ.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ვითარდება. საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.
პარლამენტებს შორის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. ცოტა ხანში გვექნება სამმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების კომიტეტების ფორმატში. ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ.
ჩვენ გვქონდა ვიზიტი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით და მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე იგი. იმედია, ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

