2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსია საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგებით და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
„კონკურსი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. კონკურსის ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ), რობოტექნიკა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის უფროსკლასელებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ოთხი. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი საჯარო ან კერძო სკოლიდან ან სხვადასხვა სკოლებიდან. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს საზაფხულო სკოლაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში ანდა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსს ტრადიციულად ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და „ლიბერთი ბანკი“. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები“, – ნათქვამია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კონკურსისთვის ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის პირველი ივნისი.
„კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ ფონდის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით კონკურსის მენეჯერს, ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: mia@millennium.org.ge“, – აღნიშნულია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.

