საქართველო ხვალ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს

Read Time:1 Minute, 17 Second

ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, 15 მაისს, გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება.

ღონისძიება ვიდეო კონფერენციის ფორმატით ჩატარდება.

სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს.

დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს, მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებს და კულტურულ პროგრამას.

სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.

დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ საქართველოს ელჩი თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით გაიმართა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემია ურთულეს გამოწვევად იქცა ორგანიზაციის მუშაობისთვის, თუმცა საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა აპრილის დასაწყისიდან ახალი სამუშაო მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეო კონფერენციები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა
Next post დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება