საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

Read Time:3 Minute, 8 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (SDSU, USA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და SDSU-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ჰალა მადატი და აკადემიური დელეგაცია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი და SDSU-G-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა გაცილებით ნაყოფიერი, მრავალმხრივი და სტუდენტებისთვის არაერთი წარმატების მომტანი გახდება.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 წლიდან წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის უაღრესად ნაყოფიერია პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, ერთობლივი მიღწევა და განხორციელებული პროექტი მოგვიტანა. ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა, ასევე, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენმა სტუდენტებმა უკვე მიიღეს ამერიკული განათლება თავიანთ სამშობლოში. რა თქმა უნდა, აღნიშნულს ხელი შეუწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს მხარდაჭერამ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პროფესორ ჰალილ გიუვენის უდიდესი ძალისხმევა და მისი მეუღლის, ქალბატონ ოია ატაკანის დამსახურება, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა უკვე ABET-აკრედიტაციაზეა წარდგენილი. დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის პირობებში, ABET-აკრედიტაციის მოპოვება უნივერსიტეტისთვის უდიდესი წარმატება და ძლიერი გარდამტეხი ფაქტორი იქნება სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. პროცესების წარმატებით განვითარებასა და კოლაბორაციის გაფართოებაში დიდად დაგვეხმარება ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის ამოქმედება, რაშიც ქმედითი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით გადაწყდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მათთვის საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მოპოვებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ABET-აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციების გაძლიერებას, სტუდენტებისთვის ორდიპლომიანი განათლების მიღების შესაძლებლობების ზრდას, რაც მათ მომავალს გარანტირებულად უკეთესს გახდის. მემორანდუმის ხელმომწერი ორივე მხარე მართლაც დიდ საქმეს გააკეთებს ახალგაზრდა თაობებისთვის. ვადასტურებთ იმ ურთიერთობების გაგრძელების დიდ სურვილს, რაც მრავალი წელია ჩვენ შორის არსებობს. წარმატებას ვუსურვებთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პრეზიდენტს, პროფესორ დელა ტორეს, ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ჰალა მადატსა და ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომელებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებიან“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ დადებითად შეაფასა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია სტუ-ის მხარდაჭერა განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ბატონ რექტორს, რადგან ეფექტიანობის თვალსაზრისით, აშკარაა მრავალი სასიკეთო ცვლილება და დიდი ძვრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა უკვე მზად არის გაიაროს ABET-აკრედიტაცია, რაშიც დიდია თავად რექტორის წვლილი. ჩვენი კოლეგების თავდაუზოგავი შრომა გვმატებს რწმენას, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. მივესალმები პროგრესის მომტან კოლაბორაციას ჩვენს უნივერსიტეტებს შორის, რაც ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის ფარგლებში არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მოუტანს დიდ წარმატებას, არამედ საქართველოსაც. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწოდებულია იმისთვის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს წინსვლასა და განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესებს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და რიგი ორგანიზაციები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობენ ჩვენი ერთობლივი პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ვულოცავთ ყველას, ვინც პროგრესის მომხრეა და მხარში უდგას რექტორს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდ წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა ადელა დე ლა ტორემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის 10-წლიან ისტორიას, მიზნად ისახავს პარტნიორობის გაფართოებასა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.

„დოკუმენტი ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანესი მიზნების ერთობლივად მიღწევას, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მოპოვებას, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ორდიპლომიანი პროგრამების ადმინისტრირებას, სტუდენტთა შესაძლებლობების მდგრად განვითარებასა და მათ მხარდაჭერას სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციას – ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი
Next post მამუკა მდინარაძე: საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე ბევრი ომი