საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი თემატური გაერთიანება – „ნოდარ ტაბიძის კლუბი“ დააფუძნეს

Read Time:2 Minute, 0 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური თემატური გაერთიანება
დაფუძნდა, რომელსაც ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის, ჟურნალისტიკის ისტორიკოსის,
ლიტერატურათმცოდნის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, პროფესორ ნოდარ
ტაბიძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, „ნოდარ ტაბიძის კლუბის“ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია საუნივერსიტეტო
გაერთიანების დამფუძნებლებმა – უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა – ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი
მიძღვნილ შეხვედრაზე გაასაჯაროვეს.
ახალგაზრდების ორგანიზებით გამართულ შეხვედრას სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის,
მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-
მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის დამფუძნებლებმა – სტუ-ის ჟურნალისტიკის
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ალიკა ქიქავამ, მარიამ აბუთიძემ, ნიკოლოზ კვირკვიამ და
საზოგადოებრივი ურთიერთობების პროგრამის ბაკალავრმა არჩილ გურგენიძემ შეხვედრაზე
აღნიშნეს, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტური თემატური გაერთიანებების შექმნის იდეა
რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. მათი თქმით, კლუბის შექმნის მიზანი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითგანვითარების ხელშეწყობა, მათი
უნარებისა და ნიჭის გამოვლენა და ახალი იდეების გენერირებაა.
„კლუბი ღიაა უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის. ჩვენი მიზანია, გაცილებით
მრავალფეროვანი გავხადოთ სტუდენტური ცხოვრება. „ნოდარ ტაბიძის კლუბის“ დაარსება
სტუდენტთა თვითგანვითარებისთვის ხდება, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი
იდეების, უნარებისა და ნიჭის გამოვლენა. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები
შესთავაზონ კლუბს. ჩვენი სტუდენტური გაერთიანება კი, ახალგაზრდების ინტერესების
გათვალისწინებით, ორგანიზებას გაუწევს ჟურნალისტიკასა და მის მომიჯნავე სფეროებში, ასევე,
სამართლის, ინფორმატიკისა და საინჟინრო დარგებში მოღვაწე პროფესიონალებთან და
მკვლევრებთან შეხვედრებს, რაც საჯარო ლექციების, მასტერკლასების, საინტერესო პროექტების
განხორციელების გზით წარიმართება. კლუბის წევრები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან
ფაკულტეტების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდა
მკვლევრებთან. მთავარია, სტუდენტებმა თავიანთი იდეები და ინტერესები გაგვიზიარონ.
მხარდაჭერისა და ინიციატივისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს
და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. საუნივერსიტეტო სივრცეში ეს ახლადჩამოყალიბებული
მესამე სტუდენტური გაერთიანებაა, ნიკო ნიკოლაძის და მიეხეილ მუსხელის კლუბებთან ერთად“, –
აღნიშნეს კლუბის დამფუძნებლებმა.
სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, ასევე, ნოდარ ტაბიძის აღზრდილებმა,
სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორებმა – ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის
ხელმძღვანელმა, თამარ მალაღურაძემ და მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სამაგისტრო
პროგრამის ხელმძღვანელმა, გიგლა გობეჩიამ, სტუდენტების თხოვნით, დიდი მაესტროს
ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, გალაკტიონის ძმისშვილი და მისი შემოქმედების მკვლევარი,
პროფესორი ნოდარ ტაბიძე, 1982-დან 1999 წლამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო;
გარდაცვალებამდე, მრავალი წლის მანძილზე კი, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტში მოღვაწეობდა.
გამომსვლელებმა პროფესორ ნოდარ ტაბიძის სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები
მიმოიხილეს და ყურადღება გაამახვილეს იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც დიდ მაესტროს
ქართული ჟურნალისტიკის, პუბლიცისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, ასევე, საგამოცემლო
საქმიანობის განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში მიუძღვის.
სტუ-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ნოდარ ტაბიძის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში
აქტიურად დაიწყებს პოზიციონირებას. სტუდენტური გაერთიანების დამფუძნებლები მიზნების,
სამომავლო საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას გეგმავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე ილია დარჩიაშვილს: რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
Next post მიხეილ ყაველაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა – რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მაინც მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები