განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგალაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სხდომაზე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილებს ყურადღებას.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

