პარასკევი, აპრილი 17, 2026

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვერავინ გაბედა თსუ-სთან მოსვლა, სად არიან? უნდა ვიყოთ მზად, რაც დასაცავია, დავიცვათ – თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს, ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც “ოცნება” დაუშვებს

თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება, რომ სუფევდეს. მჯერა, ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც “ოცნება” დაუშვებს, ამის მერე აღარ იოცნებებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც ვერ გაბედა, რომ დღეს უნივერსიტეტთან მისულიყო.

“მე არ გახლავართ ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, არც ლექტორი, მაგრამ ჩემს თავს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტის სადარაჯოზე მყოფ ადამიანად ვთვლი. თუ არა ეს უნივერსიტეტი, თუ არა თავისუფალი განათლება, მაშინ საქართველო არ იქნება. ჩვენი მომავალი არ არის, რომ დაიხუროს აქ თავისუფალი კერა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება. ეს არ მოხდება! არ მოხდება იმიტომ, რომ დღეს ვერავინ გაბედა აქ მოსვლა. სად არიან? ხომ შეეძლოთ დღეს მოსულიყვნენ და აეხსნათ თქვენთვის. დიალოგიო, დებატიო. აეხსნათ თქვენთვის, ვითომ რა რეფორმა უნდათ, მაგრამ არა, ვერ ბედავენ გამოსვლას, ჩაკეტილი კედლების უკან არიან. ეს არის თქვენი, ჩვენი ძალა, რომ თავისუფლების ძალა გვაქვს, რომ უნივერსიტეტს ვერავინ გააჩუმებს, ჩვენ ამის ყველას უნდა გვჯეროდეს და ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც დასაცავია, ის უნდა დავიცვათ. დღეს იმაზე საუბარი 1918 წელს თუ 1921 წელს რა შეძლო ამ უნივერსიტეტმა, ეს ერთია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას შეძლებს ეს უნივერსიტეტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება სწორედ ის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო უფრო დაჩაგრული, უფრო მონა, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არის ის, რაც უდევთ თავში ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ თუ არა განათლება, მაშინ მართლაც მონების დრო მოდის. მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ მზად მონობის დროისთვის, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, სახელმწიფო, დამოუკიდებლობა და ხვალინდელი დღე. მე მჯერა ჩვენი სტუდენტების და არა მხოლოდ, ეს არის მთელი საზოგადოების საქმე, მშობლების, ლექტორების, სტუდენტების და მთლიანად საზოგადოების. თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც “ოცნება” დაუშვებს. ამის მერე აღარ იოცნებებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გია ვოლსკი – იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარვეზს მალე გამოასწორებს.„ეჭვის საფუძველი გვაქვს, ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რომ საქართველოში მათი ელჩის საქმიანობის გამო სამართლიანი უკმაყოფილება გამოვხატეთ, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი. მაგრამ ვინაიდან მაღალი დონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, ჩვენც მივიღოთ როგორც ტექნიკური შეცდომა. მსოფლიოსაც და ჩვენს საზოგადოებასაც ვაცნობოთ, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ არ განახლებულა, სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური შეცდომა. ძალიან კარგი პასუხია და იმედია, ამ ხარვეზს მალე გაასწორებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის ფონდი ავრცელებს.მათივე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსია საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგებით და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.„კონკურსი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. კონკურსის ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ), რობოტექნიკა.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის უფროსკლასელებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ოთხი. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი საჯარო ან კერძო სკოლიდან ან სხვადასხვა სკოლებიდან. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს საზაფხულო სკოლაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში ანდა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.კონკურსს ტრადიციულად ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და „ლიბერთი ბანკი“. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები“, – ნათქვამია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.მათივე ცნობით, კონკურსისთვის ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის პირველი ივნისი.„კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ ფონდის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით კონკურსის მენეჯერს, ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: mia@millennium.org.ge“, – აღნიშნულია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.

ბოლო სიახლეები