სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

რამდენი წყალი უნდა ვსვათ დღეში. რეკომენდაცია

არსებობს მოსაზრება, თითქოს ადამიანმა დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოს, რაც მარტივი, გასაგები და მიმზიდველია, მაგრამ ეს სწორი წერს არ არის. ის, თუ რამდენი სითხე სჭირდება ადამიანს, დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, გარემო პირობებზე, კვებასა და ბევრ სხვა რამეზე. გაზაფხულის დადგომასა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები ბევრ წყალს სვამენ: ერთნი სიცხის გადასატანად, მეორენი – დიეტისათვის. არსებობს სპეციალისტთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა არის სასარგებლო და სინამდვილეში, რამდენი წყალი უნდა სვას ადამიანმა ყოველდღე.

რამდენი?

რამდენიც გინდათ. ამ დროს საუკეთესო ორიენტირი წყურვილია: დალევა თუ გინდათ, უნდა დალიოთ. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მიახლოებითი გათვლებით კაცებმა დღეში 3,7 ლიტრი, ქალებმა კი – დაახლოებით 2,7 ლიტრი სითხე უნდა მიიღონ. ლაპარაკია არა იმდენად სუფთა წყალზე, რამდენადაც ნებისმიერ სითხეზე, მაგალითად ყავაზე, ჩაიზე ან წვენზე. აქ ის სითხეც იგულისხმება, რომელსაც მკვრივი პროდუქტები, მაგალითად ვაშლი ან ხორცი შეიცავს.

სულ მწყურია. ეს კარგი არ არის?

მუდმივ წყურვილს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, დაწყებული შედარებით უვნებელი მიზეზებიდან, როგორებიცაა ბევრი მარილიანი ან ცხარე საკვების მიღება ან სიცხიანი ამინდი, დასრულებული ჯანმრთელობის პრობლემებით.

მუდმივი წყურვილი თავისუფლად შეიძლება იყოს დიაბეტის (შაქრიანის ან უშაქროსი) სიმპტომი. შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც: სისხლდენა, სეფსისი, დამწვრობა, გულის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. მაგრამ ასეთ დროს ადამიანი სხვა, გაცილებით ცხად სიმპტომებსაც უნდა ამჩნევდეს. არანორმალური წყურვილი ახასიათებთ ასევე ადამიანებს ფსიქოგენური პოლიდიფსიით, რასაც ფსიქიკური დარღვევები იწვევს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წამლები. ძლიერი წყურვილი აწუხებთ ხოლმე მათ, ვინც იღებს ჰოლინოლიტიკურ პრეპარატებს, შარდმდენებს, ფენოტიაზინებს და სხვა.

უფრო მეტ წყალს თუ დავლევ, თავს უკეთ ვიგრძნობ?

ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ორგანიზმი წყლის სიჭარბეს იოლად უმკლავდება – გამოჰყავს შარდგამტარი არხებით, თუ ეს რამდენიმე საათში ერთბაშად მიღებული 15 ლიტრი სითხე არ არის. ასეთ მოცულობას ორგანიზმი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს.

მართალია, რომ ჭამის დროს წყლის სმა არ შეიძლება?

არა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ წყლის სმა ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკვების მონელებას ხელს უწყობს, საკვებს შლის და შედეგად სხეული უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. მეორე არასწორი მოსაზრებაა, თითქოს ჭამის დროს წყლის სმა ნერწყვის გამომუშავებას უშლის ხელს. გასტროენტეროლოგებს ამის მაგალითად მოჰყავთ სეგნების სინდრომი ამ დაავადების დროს ნერწყვი ცუდად გამოიყოფა და პაციენტებს აიძულებენ ბევრი წყლის სმას ან პირის დასველებას და არ ეშინიათ იმის, რომ ნერწყვის გამოყოფა კიდევ უფრო შემცირდება.

შეიძლება წყალი საერთოდ არ დავლიო? ჩვეულებრივ, ვსვამ ჩაის, ყავას ან ხილის წვენს

შეიძლება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, ექიმების თქმით, ხილის წვენი არ არის ისეთი სასარგებლოა, როგორც ადამიანებს ჰგონიათ, რადგან მასთან ერთად ორგანიზმში ხვდება ძალიან ბევრი ნახშირწყალი, იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ხილის მიღებისას. იმის თქმა, რომ კოკა-კოლას და სხვა ტკბილ გაზიან სასმელს არაფერი მოაქვს შაქრის გარდა, სავარაუდოდ, სწორი არ არის. რაც შეეხება ყავას, მიცნეულია, რომ დღეში 400 გრამი კოფეინი (დაახლოებით 3-5 ფინჯანი ყავა) მავნე არ არის. ამ ცხრილსი შეგიძლიათ ნახოთ, რა რამდენ კოფეინს შეიცავს ყავა.

გრიპის დროს ბევრი სითხის მიღება ხომ აუცილებელია?

საჭიროა, თუ თქვენ სიცხე, გულისრევა და (ან) ფაღარათი გაქვთ, რადგან ამ დროს ბევრ სითხეს კარგავთ. გულისრევის და ფაღარათის დროს ჯობს სპეციალური ხსნარების ან მინერალური წყლის მიღება მაინც, რადგან სითხესთან ერთად ადამიანი ამ დროს ელექტროლიტებსაც კარგავს. ზოგიერთ მინერალურ წყალში მარილების ისეთი კონცენტრაციაა, რომ ამ მაჩვენებლით ისინი „რეჰიდრონს“ (მას გაუწყლოების დროს ნიშნავენ) უტოლდება და ასეთ მინერალურ წყალში შაქრის დამატებით, იმავე „რეჰიდრონს“ მიიღებთ.

ამბობენ, რომ ვარჯიშის დროს ჯობს წყალი არ დავლიო. მართალია?

არა. გაუწყლოება, სულ ცოტა, აუარესებს ადამიანის უნარს, ივარჯიშოს. სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეგიის რჩევა ადამიანმა წყალი მიიღოს ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც, რომ დაკარგული სითხე აინაზღაუროს. თუ თქვენ საათზე მეტს ვარჯიშობთ, უკეთესია სპორტული სასმლის არჩევა, რომელიც 6-8% ნახშირწყლებს შეიცავს: ის დაგეხმარებათ, რომ ვარჯიში დროზე ადრე არ დაასრულოთ.

თუმცა თანამედროვე სპორტსმენებს სხვა პრობლემა  აქვთ – წყლის ინტოქსიკაცია. ძალიან ბევრი წყლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ჰიპონატრიემია განუვითარდეს. ამ დროს ორგანიზმი ჭარბ სითხეს ვერ უმკლავდება. სისხლის მოცულობა იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მასში მცირდება. ბალანსის აღსადგენად უჯრედები სითხეს იწოვენ და უბრალოდ სივდებიან. თუ ეს ტვინში მოხდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება.

ნაბახუსევზე წყალი ხომ სასარგებლოა?

გარკვეული დოზით კი. სამწუხაროდ, ნაბახუსევის „განკურნების“ გზა ჯერჯერობით არ მოუგონიათ და ყველაზე კარგი რამ, რასაც ექიმები ამ დროს ადამიანებს სთავზობენ, ესაა სიმშვიდე, მსუბუქი საკვები, ტკივილგამაყუჩებლის აბი (ოღონდ არა პარაცეტამოლი) და ბევრი წყალი.

რომელი წყალი უნდა ვსვა – ონკანის, ბოთლის თუ გაფილტრული?

ეს დამოკიდებულია გემოვნებაზე და იმაზე, თუ სად ცხოვრობთ, რით იკვებებით და რა დაავადებები გაწუხებთ. დადასტურებულია, რომ მაგალითად თბილისში, ონკანის წყალი აბსოლუტურად უვნებელია. ზოგადად, ბოთლის წყალი შეიძლება იდეალური არ იყოს. ზოგჯერ მასში ისეთ მიკროორგანიზმებს პოულობენ, რომელიც წყალში არ უნდა იყოს. რაც შეეხება წყლის ფილტრებს, საჭიროა მათი რეგულარული რეცხვა და დეზინფექცია. ამის გარეშე შეიძლება ადამიანს შეიძლება საკვების მონელების პრობლემები გაუჩნდეს. ამ ფილტრებში წყლის შემოწმებას აუცილებელია.

რაც შეეხება მინერალურ წყალს, ის ნატრიუმის წყაროა. ეგრეთ წოდებული სამკურნალო მინერალური წყლები, რომელშიც ერთ ლიტრზე 5 გრამი ან მეტი მარილია, ძალიან სახიფათოა გულის უკმარისობისა და თირკმლის უკმარისობის დროს. თანამედროვე დასავლური მედიცინა მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებზე არაფერს გვეუბნება.

წყარო: Meduza

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ლევან გობრონიძეს დაუდგინდა მეოთხე სტადიის პაპილარული ადენოკარცინომა, დაავადება ორგანიზმში რამდენიმე ადგილას არის გავრცელებული და აქვს მეტასტაზები. იმუნოთერაპიის კურსის გაგრძელება ძვირი ჯდება, თითო დოზა დაახლოებით 5 000 დოლარი, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – GE29BG0000000783944200თიბისი ბანკი – GE52TB7769445064300016მიმღები ლევან გობრონიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალებით ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, მკვლევარი და ინოვატორი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებაში.მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევასა და გაუმჯობესებას, ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, ახალი ტექნოლოგიური მანქანების შექმნას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესებისა და მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, რობოტიზებული სისტემების დამუშავებასა და ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას.2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პრიორიტეტულ სამეცნიერო პროგრამას - „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ჩარხების შექმნისა და სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების მიმართულებით.თამაზ ნატრიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მისი ცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მეცნიერებისთვის.თამაზ ნატრიაშვილის სახელი და ღვაწლი მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული სამეცნიერო საზოგადოების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს.შვილის გარდაცვალებით გამოწვეული აუნაზღაურებელი ტკივილის მიუხედავად, მან ღირსებითა და თავდადებით განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. დღეს კი მისი წასვლით კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი განიცადა ოჯახმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ.ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სპორტი კი გვასწავლის მიზნის დასახვას, დისციპლინას, მოთმინებას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და სირთულეების დაძლევას. ორივე მიმართულება მოითხოვს შრომას, თანმიმდევრულობასა და მუდმივ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, აკადემიური საქმიანობა და სპორტული აქტივობა ერთმანეთის შემავსებელია და ახალგაზრდას წარმატებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო. პროექტის გახსნის ღონისძიება „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში და წარმოაჩინონ როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობები, ისე გუნდური მუშაობის უნარი. ლევან ფიფიას თქმით, ფაკულტეტებს შორის ორგანიზებული აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აქვთ. პროექტი სტუდენტებს საერთო სივრცეში აერთიანებს და საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და სპორტულ, ინტელექტუალურ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს გააერთიანებს. პროგრამის მრავალფეროვნება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებასა და ღონისძიებაში, გამოსცადონ საკუთარი ძალები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ფაკულტეტებს შორის გუნდური თანამშრომლობის კულტურის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტურნირის ციფრული მართვა სრულად Gamo-ს პლატფორმაზე განხორციელდება. Gamo ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამოყვარულო სპორტის ციფრულ ეკოსისტემას ქმნის - აერთიანებს მოთამაშეებს, სპორტულ სივრცეებსა და შეჯიბრებებს ერთ პლატფორმაზე. მონაწილეები და გულშემატკივრები თამაშების განრიგს, შედეგებსა და სატურნირო ცხრილებს gamo.ge-ზე გაეცნობიან. დაგროვილი შედეგები კი გუნდების სპორტულ ისტორიას შექმნის და მათი პროგრესის ანალიზის საფუძველი გახდება“, - აცხადებს ლევან ფიფია.სტუ-ის რექტორის თქმით, სასწავლო პროცესის მიღმა ორგანიზებული სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის, დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. როგორ აკდემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და გააძლიერონ საკუთარი კავშირი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოცდილების შეძენისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მნიშვნელოვანი ასპარეზია. ეს პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს და ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარი მონაცემების წარმოჩენა.მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ფაკულტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ ერთი დიდი საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობთ ან რომელ პროფესიულ მიმართულებას ვირჩევთ. საერთო მიზნები, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს და ქმნის იმ გარემოს, რომელშიც თითოეულ სტუდენტს საკუთარი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, ახალგაზრდული პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს განმტკიცებას.დასასრულს, მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ სწავლაში, სპორტში, შემოქმედებით საქმიანობასა და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ ორ თვეს გასტანს და მასში მონაწილეობას 2000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს.

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

გიგა ავალიანის დედა – ჩემ შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

ჩემ შვილს, ნიკას, მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.კუპატაძის თქმით, მისი მეორე ვაჟის მიმართ მიდის სიტყვიერი და ემოციური ზეწოლა, რის გამოც ნიკა ავალიანი სასამართლო სხდომებზე აღარ დადის.“ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი.მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ , ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ბოლო სიახლეები