მაკა ბოჭორიშვილი – გიდასტურებთ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობები, რათა ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ საბოლოო მიზანს

Read Time:2 Minute, 51 Second

თქვენ ისაუბრეთ მთელი რიგი მიმართულებებით რეფორმების საჭიროებაზე და ქვეყნის განვითარებისთვის ახალი სტიმულის შესახებ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები და გვაქვს გაცხადებული სურვილი ეს სტატუსი რაც შეიძლება მალე შევცვალოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და 2024 წელს გავაკეთოთ ამისათვის განაცხადი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად, უნდა მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება, რათა სტრატეგიული მიზნის განსახორციელებლად მათი მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდეს.

„ბუნებრივია, თქვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუმცა, ჩვენი მხრიდან გიდასტურებთ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობები, იმისათვის რომ ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ საბოლოო მიზანს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტია, არამედ ეს არის ერთგვარი საშინაო დავალება, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტს.

„ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება კი მოითხოვს რეფორმების გატარებას ყველა მიმართულებით და მოველით, რომ ასოცირების დღის წესრიგის შეუფერხებელი შესრულება იქნება თქვენი და თქვენ მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის მთავარი ამოცანა. მსურს, დაგიდასტუროთ, რომ პარლამენტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პანდემია და მისი შედეგები დამატებით გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას თუმცა, მიაჩნია, რომ სწორედ ამ ფონზე, გაბედული რეფორმების საჭიროება კიდევ უფრო აშკარა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

მომხსენებელმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის ბაზრით მონიჭებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დაუთმობთ ამ მიმართულებას და დავეხმარებით ეკონომიკურ აქტორებს, რომ უკეთ აითვისონ ევროკავშირის ბაზარი და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაძლევს. ვფიქრობ, ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა საქართველომ ევროკავშირის ერთიანი ბაზრით და ოთხი თავისუფლებით სარგებლობა შეძლოს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტურ პრიორიტეტს განათლება წარმოადგენს.

„ახალგაზრდებისთვის ევროპული ხარისხის განათლების მიღება არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას შესძენს მეტ კონკურენტუნარიანობას და ჩვენს საზოგადოებას გახდის მედეგს. პროფესიულ განათლებაზე ზრუნვა დაწყებულია თუმცა, ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ ახალი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობები არამედ, ყველა ასაკის ადამიანისთვის არსებობდეს პროფესიული გადამზადების შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ კვალიფიციურ კადრს ქვეყანაში და გრძელვადიანად დაგვეხმარება უმუშევრობის პრობლემასთან გამკლავებაში და მეტ ადამიანს გაუწევს დასაქმების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, კარგი იქნება თუ გააქტიურდება ევროკავშირთან მუშაობა სექტორული დიალოგის გასაღრმავებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით გავაგრძელოთ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი ასევე, ვიფიქროთ ახალ სფეროებზე, რადგან ეს შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ხდება ჩვენი მოქალაქეების დევნა, უკანონო დაპატიმრება, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე რაც გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს.

„გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ის ჰიბრიდული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას ასევე, აქტუალურია ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ასევე, ევროპულ საზოგადოებაში საქართველოს პოზიტიური იმიჯის შექმნა დაასახელა.

„საქართველოს პოზიტიური იმიჯის შექმნა ევროპულ საზოგადოებაში უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რადგან ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპული საზოგადოების აზრს ჩვენი ქვეყნის შესახებ. თქვენ ახსენეთ რამდენიმე პროექტი. სწორედ ასეთი პროექტები დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში რადგან კულტურა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ევროპული იდენტობის ყველაზე კარგი დამადასტურებელი. მინდა, წარმატება გისურვოთ თქვენ, თქვენს გუნდს და ქვეყანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ბერაია: საქართველოში ნატოს ხილვადობა ხმელეთზეც, ზღვაზეც და ჰაერშიც გაიზრდება
Next post მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, რაც ჩვენ გავაკეთეთ