თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს

Read Time:5 Minute, 30 Second

საქართველოში, თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება, – ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

Facebook-პოსტში ცერცვაძე მიმოიხილავს აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციია, ქვეყანამ არაფერი გააკეთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად, ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება, საქართველოში აკრძალვები და შეზღუდვები ძალიან მკაცრია, ადამიანებს შიმშილით კლავენ და სხვ.

მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ სინამდვილე. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მათ საერთოდ არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკა, არც ცალკეული ადამიანების ბედი და/ან ჯანმრთელობა. მათი პრინციპია – რაც უარესი, მით უკეთესი. ისინი ცდილობენ სპეკულირებას იმ სიძნელეებით, რომლებიც ქვეყანაში (ისევე როგორც მთელ მსოფლიოში) შეიქმნა COVID-პანდემიის გამო და ცდილობენ აამხედრონ ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს ერთი რამ აქვს საერთო – არც ერთ მათგანს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია არც COVID-პაციენტების დასახმარებლად და არც იმ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ვისი ბედითაც ისინი სპეკულირებენ და მანიპულირებენ. მათ ცოცხალი თავით არ უნდათ დაინახონ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID-საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,25%). ვერც იმას ხედავენ, რომ თუ საქართველოში ბოლო დღეებში გვაქვს გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, სხვა ქვეყნებში ეს გაცილებით მეტია. ისინი არც იმას იმჩნევენ, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში და ა.შ.

სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“, „ბედოვლათებს“ (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით. ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვთ სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება. იგივე გერმანიასა და ავსტრიაში არასაკმარისად თვლიან ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ტარებას და ითხოვენ მაღალი უსაფრთხოების ე.წ. N95 პირბადის (რესპირატორის) ტარებას. საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე. დიდ ბრიტანეთში მესამედ გამოცხადდა უმკაცრესი ლოქდაუნი და მოქალაქეებს არა აქვთ სახლიდან საშვის გარეშე გამოსვლის უფლება. ესპანეთში გამოცხადებულია კომენდანტის საათი ა.წ. მაისამდე და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში და მარკეტში წასასვლელად. ბელგიაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრობა და არაუმეტეს 4 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში. ირლანდიაში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 5 კილომეტრით მეტით. საერთოდ აკრძალულია სტუმრის მიღება სახლში, ქორწილზე დასაშვებია არაუმეტეს 6, ხოლო დაკრძალვაზე არაუმეტეს 10 ადამიანის დასწრება. ისრაელში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 1000 მეტრით და ა.შ. (https://www.bbc.com/news/explainers-53640249; https://www.dw.com/en/european-travel-restrictions-non-essential-travel-curbed/a-56350272).

წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ეს მართლა „მავნებლები“, რაიმე მსგავსი საქართველოში რომ ხდებოდეს.
ნიშანდობლივია, რომ NDI-ის (რომელსაც ქვეყნის მთავრობის მიმართ მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ) ბოლო კვლევის შედეგებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ობიექტურად ძნელად ასატანი შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობის 60% თვლის, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა COVID პანდემიას, 33% კი ასე არ თვლის. ხოლო მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ბატონ სერგოსა და მის თანამოაზრეებს, ყველამ კარგად იცით და სათქმელადაც კი უხერხულია.

ახლა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კლინიკურ სექტორში და რა ძნელად უმკლავდებიან ისინი COVID-19-ით პაციენტთა ნაკადებს. ლოს-ანჯელესში არ ჰყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგებია და COVID-ავადმყოფებს უხდებათ საშუალოდ 8 საათი გაატარონ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები, ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია. წარმოგიდგენიათ, ამერიკას – მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყანას მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებისთვის ჟანგბადი არ ჰყოფნის და ყველა მძიმე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ? წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში ხდებოდეს? ჩვენთან ხომ პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არც ერთი ავადმყოფი არ დაზარებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო, ხოლო პაციენტის სასწრაფო დახმარების მანქანებში დაყოვნება 2-3 საათს არ აღემატებოდა და ისიც სულ 2-3 კვირის განმავლობაში. ლოს-ანჯელესში, ოფიციალური პირების ინფორმაციით, პროზექტურებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ.

დაახლოებით ასეთივე და კიდევ უარესი მდგომარეობაა ლონდონსა და დანარჩენ ბრიტანეთში, სადაც ასევე არ ჰყოფნით ჰოსპიტალური საწოლები, არ ჰყოფნით ჟანგბადი ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფებისათვის. დიდ ბრიტანეთში ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში საშუალოდ 1000-1300 COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში (https://www.theguardian.com/world/2021/jan/08/the-worst-by-a-cataclysmic-margin-the-race-to-save-the-nhs-from-covid; https://www.businessinsider.com/covid-uk-hospitals-nhs-collapsei-doctors-nurses-2021-1).

ძალიან მძიმე მდგომარეობაა პორტუგალიაში, სადაც ახლახან დასახმარებლად გერმანიიდან ექიმები და სუნთქვის აპარატები გაგზავნეს. თვითონ გერმანიასაც კი უჭირს, მათ ბოლო 1 თვის განმავლობაში დღეში 600-დან 1000-მდე COVID-ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველას ახსოვს ანგელა მერკელის სატელევიზიო გამოსვლა და განცხადება, რომ გერმანიაში კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა. გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია გერმანიაზე, რომელსაც ევროპაში ყველაზე სრულყოფილი და ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ყველაზე დიდი საწოლფონდი აქვს.

ამ ფონზე რა ხდება საქართველოში. თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID-საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება. შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 „ონლაინ კლინიკა“ 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. პანდემიის ყველა ეტაპზე უაღრესად ეფექტიანად მუშაობდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რომელიც საქართველოს „ნოუ ჰაუა“. საქართველომ განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა (პირველ ხუთეულში) შესძლო მიეღო COVID-19 ვაქცინის (და ისიც უმაღლესი ხარისხის) პირველი პარტია (30 ათასი დოზა), ხოლო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზას მიიღებს. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია.

ყველაფერი ეს 100%-იანი სიმართლეა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში თვითნებურად არანაირი მშენებლობა არ დაიწყება
Next post ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია