თეა წულუკიანი – ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, რაც სამარცხვინოა

Read Time:2 Minute, 39 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად წერია, რომ ოპოზიციის მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

„მოგიწოდებთ თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, მითუმეტეს, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდები ბრძანდებით და ინგლისურს, სავარაუდოდ, ჩემზე კარგად ფლობთ, თავად გაეცნოთ ამ დასკვნას, არც ჩვენს ინტერპრეტაციას დაუჯეროთ და არც ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის. ამ დასკვნაში, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოცემული, რამდენადაც მე ამ ენას ვფლობ, არსად წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ „ქოფი ფეისთით“ ეს ფრაზა ამოგვიღოს და წინ დაგვიდოს, ამგვარი არ არსებობს“ ,- განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, დასკვნაში წერია ის, რასაც საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს ამბობდა –  ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას.

„პირიქით, ამ დასკვნაში წერია ის, აქ დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი, რაც იყო ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან ნათქვამი. როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. ძალიან სამარცხვინოა, ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელია შესაბამისი ჩვენი დემოკრატიული განვითარების მიზნებისათვის.

ოდირის დასკვნაში, რომელიც საკმაოდ მოკლე დოკუმენტია, 11-გვერდიანი თუ არ ვცდები, წერია ერთი მარტივი რამ, რომ დემოკრატიული, სხვადასხვა საარჩევნო მოდელები და მრავალფეროვნება არსებობს მსოფლიოში და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკაც არის ციტირებული – სუვერენული სახელმწიფო თავისუფალია, თავად შეარჩიოს, რა არის მისთვის საუკეთესო. შეაბასმისად, ეს დასვკნა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ოდირში კონსტიტუციურობის შესამოწმებლად არ უნდა გაგზავნილიყო ეს კანონპროექტი, რადგან ოდირი თავად ეუბნება, მე არ ვარ ის, ვინც ამას შეამოწმებსო“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ოდირის დასკვნაში ასევე წერია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა.

„არსად ოდირი არ ამბობს და ვერ ამბობს, რომ მათი პროექტი კანონს შეესაბამება. ოდირი, მათ და სამწუხაროდ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე და, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციების საშუალებას ვერ ტოვებს. ამით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც გააგზავნინა ოდირში თავისი პროექტი. გერმანულ მოდელზე საუბარი ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა, ეს ჩვენ ღიად ვუთხარით და დღეს ამასთან დაბრუნება აღარც მოხდება. დღეს რეალობა არის ასეთი, რომ ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული წინადადებაა დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს არის 100/50-ის მოდელი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაეთახმონ ან ყველამ ერთად დავიწყოთ არსებული მოდელით არჩევნებისთვის აქტიური მზადება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო
Next post გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ