თბილისში არსებული მაღალი მობილობის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს ურჩევს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

Read Time:1 Minute, 56 Second

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება ლოკალური და წერტილოვანი მიდგომები, როგორი პრაქტიკაც გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

საბჭომ განიხილა სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებთან მიმართებაში, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში, დაუყოვნებლივ ლოკალურად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და აღნიშნული მიდგომა შენარჩუნდება.

რაც შეეხება აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას, სპეციალისტების შეფასებით, ის ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა ამ ეტაპზე რეგინში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და სისტემური ტესტირებების პროცესის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში სრული მობილიზაციაა და საკმარისი რესურსიც არსებობს, კლინიკური მართვის გაძლიერების მიზნით კი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის გარდა, შეიქმნა დამატებით რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში მყოფი კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც შეეხება მიზნობრივ და სისტემურ ტესტირებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, როგორც მაღალი რისკის ჯგუფს, 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 92 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო
Next post ევროსაბჭო საქართველოში ახალ, 600 000-ევროიან პროექტს იწყებს