„ვუსამძიმრებთ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას. ადამიანობის და პროფესიონალიზმის მაგალითი იყო“ – ქართველი თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა

Read Time:1 Minute, 4 Second

93 წლის ასაკში ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს:

„ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისა და სათეატრო კრიტიკის პატრიარქი იყო. ის იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი. 90 წელს გადაცილებულიც ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ აზროვნებდა და წერდა.

ბატონი ნოდარი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. არასდროს გულში ბოროტი არ გაუვლია, არავისთვის განზრახ ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, გვერდში ამოდგომოდა. ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ისაა, რომ ბატონ ნოდარს ახალგაზრდობა, მომავალი თაობა უყვარდა, აფასებდა, უხაროდა მათი პროფესიული წარმატებები.

არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, კვლევისა თუ რეცენზიის ავტორი ბატონი ნოდარი გახლდათ რუსთაველის პრემიის ლაურეატი (ტრილოგია “რეჟისორი რობერტ სტურუა”, “მიხეილ თუმანიშვილის თეატრი”, “ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (“სამყარო თეატრის თვალით”, 1998), ნომინაცია წლის საუკეთესო თეორიული ნაშრომის – ორგზის გამარჯვებული (“ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე”, “რეჟისორი გიზო ჟორდანია”).

სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების”, შემდეგ „ხელოვნება” მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის თეატრმცოდნეთა არაერთი თაობის აღზრდაში.

ნოდარ გურაბანიძის ბოლო ნამუშევარი, ბრწყინვალე სამტომეული „სამყარო თეატრალის თვალით“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა 2017-2019 წლებში გამოსცა.

უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, – წერია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: კოლექტიურ ნაცებს, ნინო ლომჯარიას პირით, მოუწია ისტორიული აღიარების გაკეთება, რომ “ნაცმოძრაობის” გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
Next post კახიანი-უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას