ვასილ მაღლაფერიძე – ძლივს გამოჩნდა რუკები, რამაც შეიძლება, მდგომარეობა საქართველოს სასარგებლოდ შეცვალოს და რატომ უნდა ცდილობდეს ვინმე, ამ ახლად აღმოჩენილი გარემოების წინასწარვე გაბაიბურებას

Read Time:4 Minute, 18 Second
ბევრი გარემოება და მათ შორის დაუფარავი აგრესიული კამპანია ახლად აღმოჩენილი დოკუმენტაციის წინააღმდეგ აშკარად მიანიშნებს, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას აზებაიჯანისთვის დავით გარეჯას ნაწილის დათმობის შესახებ შეიძლება სერიოზული პრობლემა ჰქონდეს კანონთან, – ამის შესახებ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგოც მაღლაფერიძე აღნიშნავს, „გასაკვირი არ არის, რომ დავით გარეჯას და ზოგადად საზღვრების თემა ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა, ვინაიდან ყველას აინტერესებს, როგორ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე პარტიები ამ სფეროში არსებული მტკივნეული პრობლემების მოგვარებას. „ადამიანებს სჩვევიათ, რომ თავისი ქვეყნის საზღვრები რეალურზე გაცილებით შორს წარმოიდგინონ ხოლმე და ამისთვის უამრავ საბაბს იგონებენ. ეს სისუსტე, სხვისი რომ თავისად ეჩვენება, მუდმივად თან სდევს კაცობრიობას. აი, პირიქით კი, როგორც წესი, არ ხდება. არც ისტორიაში ჩანს მსგავსი მაგალითი, რომ ადამიანთა ჯგუფები, მით უმეტეს პოლიტიკური გაერთიანებები, ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია სხვას უნდა ეკუთვნოდესო. დაუჯერებელიც იქნებოდა ასეთი რამ, ეს დრამა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თვალწინ რომ არ თამაშდებოდეს. თანაც ამ თემაზე ისეთი თავდაჯერებით მიდის საუბარი და მედიის ერთი ნაწილიც ისეთ კითხვებს სვამს, თითქოს ჩვეულებრივი დისკუსია მიმდინარეობდეს პარტიულ პროგრამებზე. არადა სრულიად უჩვეულო მოვლენასთან გვაქვს საქმე, რაც თავისი მნიშვნელობით მეტია, ვიდრე უბრალო პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა. შეიძლება, რომ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, თავს ზევით ძალა მართლაც აღარ იყოს და შეეგუო საზღვრების ისე დადგენას, რაც ბოლომდე სამართლიანად არ მიგაჩნდეს (საქართველოს ამის სამწუხარო გამოცდილება აქვს), მაგრამ სრული ანომალიაა ეწინააღმდეგებოდე შენი ქვეყნის ინტერესებს, როცა საკითხი ჯერ ისევ განხილვის სფეროშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარს ყველა იწყებს სიტყვებით, რომ გარეჯა საქართველოს განუყოფელი ნაწილია (არჩევნების წინ ამის უარყოფას ღიად ვერავინ ბედავს), თუმცა, მეორე წინადადებაშივე ჩანს, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც ძალაუფლებისთვის გაწირავს ყველას და ყველაფერს, აგრესიული უტიფრობით ცდილობს საწინააღმდეგო აზრის დანერგვას და ეს დღეს არ დაწყებულა“,- აღნიშნავს მაღლაფერიძე. მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლების წინვე ინტენსიურად ცდილობდნენ საზოგადოების იმ აზრთან შეგუებას, რომ დავით გარეჯას მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნისო. „შესაბამისი თანმდებობების პირებმა ზეპირ განცხადებებში უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჯერ ისევ განხილვის სტადიაში იყო და მხარეებს შორის იურიდიული შეთანხმება არ არსებობდა. რასაკვირველია, გამორიცხულია, რომ ასეთი რამ ხელისუფლების გადაწყვეტილების და ნებართვის გარეშე მომხდარიყო. ამ განცხადებებს შემდგომ აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა ამოიწიეს მთის თხემზე და ფაქტობრივი მდგომარეობით, რაც დღემდე გრძელდება, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღესდღეობით უკვე ისიც გავიგეთ, რომ მაშინდელი საზღვრის დამდგენი კომისიაც ეთანხმებოდა ხელისუფლების განცხადებებს უდაბნოს მონასტრის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნების შესახებ, თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულმა კომისიამ შექმნა ამგვარი განცხადებების ფორმალური საფუძველი. ვინაიდან ეს პროცესი დახურული იყო, რასაკვირველია, არსებობს კითხვები, როგორ და რა არგუმენტებით და რამდენად კანონიერად მივიდა კომისია და ხელისუფლება ასეთ დასკვნამდე, მაგრამ ფაქტია და შედეგად მივიღეთ, რომ კომისიამაც და წინა ხელისუფლებამაც დავით გარეჯას მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს დაუთმო, დარჩენილი იყო მხოლოდ ხელმოწერა. თუ არა რაიმე ახალი გარემოება, დავით გარეჯა სამუდამოდ დაკარგული იყო საქართველოსთვის, რასაც კომისიაც და ხელისუფლებაც შეგუებულნი იყვნენ და მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დგანან იქ, სადაც დგანან. ასეთია ამ ამბის მოკლე ისტორია. დავუშვათ, რომ, თავის დროზე, ვერც კომისიამ და ვერც ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვეს შესაბამისი არგუმენტები რუკების თუ სხვა მასალების სახით, რითაც დავით გარეჯას საქართველოსადმი კუთვნილებას დაამტკიცებდნენ. დავუშვათ, იძულებულნი გახდნენ, ასეთ დათმობაზე წასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯა მხოლოდ უბრალოდ ტერიტორია არ არის, რომლის ყოველ სანტიმეტრსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება და ასევე ქართული კულტურის უნიკალური საგანძური და ქართველებისთვის საკრალური ადგილია. დავუშვათ, მაშინ ძალიან მოინდომეს, მაგრამ, მეტი ვერ შეძლეს. თუმცა, ამ დაშვებას სრულიად აქარწყლებს რუკების ირგვლივ დღეს ატეხილი მავნებლური ვაკხანალია“,- აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე. როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, „ძლივს გამოჩნდა რუკები, რამაც შეიძლება, მდგომარეობა საქართველოს სასარგებლოდ შეცვალოს და რატომ უნდა ცდილობდეს ვინმე და მით უმეტეს პოლიტიკური პარტია ამ ახლად აღმოჩენილი გარემოების წინასწარვე გაბაიბურებას და გაუფასურებას?!“ „როცა უაპელაციოდ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამ რუკებს, განხილვის დაწყებამდეც კი, ისევ საქართველოს მხრიდან უცხადებენ უნდობლობას, ხომ ცხადია, რომ მოლაპარაკებების დროს ამას ძლიერ კოზირად გამოიყენებს მეზობელი მეგობარი სახელმწიფო. ისევე, როგორც თავის დროზე გამოიყენა ქართველი თანამდებობის პირების განცხადებები და საზღვარი მთის წვერამდე ამოწია. ეს მხოლოდ ამყარებს იმ ეჭვს, რომ დავით გარეჯის დათმობა თავის დროზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილებას იცავენ. ერთნი გაიძახიან, რომ ამ რუკებს არავითარი დოკუმენტალური ღირებულება არ გააჩნიათ, თუმცა, დარგის ექსპერტები ადასტურებენ, რომ სწორედ ეს რუკები ასახავენ რეალურ ვითარებას. მეორენი ამბობენ, რომ რადგან აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყანაა, უხერხულია მისთვის ტერიტორიული პრეტენზიის წაყენება, თითქოს დასაშვები იყოს მეგობრობის მოპოვება ტერიტორიების გასხვისებით, ან კომისიაში საზღვრების შესახებ დისკუსიამ, რატომ უნდა მიაყენოს ჩრდილი მეგობრობას?! მესამენი კი საუბრობენ აბსურდულ რუსულ გეგმაზე, თუმც კი ვერ ხსნიან, რატომ დაიწყო რუსეთმა უცებ და მოულოდნელად საქართველოს საზღვრებზე ზრუნვა. სინამდვილეში სამივე პოზიცია ერთი სიცრუის ნაწილებია და აქვე არიან ის გულგრილი მეოთხენიც, რომელთაც სხვა კითხვა არ უჩნდებათ, გარდა იმისა, რატომ მაინცდამაინც ახლა ჩამოიტანა იმ კაცმა ეს რუკებიო?! ხოლო რუკებში რა ხდება, საერთოდ არ აინტერესებთ! და ეს ოთხივენი ერთად გარეჯას გასხვისების გადაწყვეტილების დაცვას ცდილობენ. სხვა ბევრი გარემოებაც და მათ შორის ასეთი დაუფარავი აგრესიული კამპანია ახლად აღმოჩენილი დოკუმენტაციის წინააღმდეგ აშკარად მიანიშნებს, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას აზებაიჯანისთვის დავით გარეჯას ნაწილის დათმობის შესახებ შეიძლება სერიოზული პრობლემა ჰქონდეს კანონთან. პარტიებს სჩვევიათ არჩევნების წინ ერთმანეთის განქიქება და თავის ქება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ისიც გასაგებია, რომ საარჩევნო სტრატეგიიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე, საჯაროდ მადლობას ვერ ეტყოდნენ, იმ ადამიანს, ვინც ეს რუკები მოუპოვა თავის ქვეყანას, მაგრამ სულ რაღაც ორ კვირაში ეს არჩევნებიც ისტორიის ნაწილი გახდება, პლაკატები ჩამოიფხიკება და ცხოვრებაც გაგრძელდება, თუმცა, საზღვარი და დავით გარეჯა კი ისევ პრობლემად დარჩება. ამიტომ კარგი იქნება, პარტიებმა ბოლო დროს გაჩენილ ერთ კონკრეტულ კითხვასაც კონკრეტული პასუხი გასცენ – როგორ ხედავენ, რა ბედი ეწევათ ამ რუკებს, ნაგავში გადაიყრება როგორც უვარგისი ქაღალდები, თუ მათზე დაყრდნობით განახლდება საზღვრის დადგენის სამართლებრივი პროცესი. ამით ძალიან გაუადვილებენ არჩევანს დავით გარეჯას ბედით დაინტერესებულ ამომრჩეველს“,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიხსნა
Next post გიორგი გახარია: ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბისკირიას სამშობლოში ოკუპაციას ვერასოდეს დავივიწყებთ, ყოველთვის რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, არის იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას