,,წუხელ თბილისში, ვაკის სასაფლაო მოვინახულე. გამახსენდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე იური მარი. მინდოდა საფლავთან მივსულიყავი და მისი ხსოვნისთვის პატივი მიმეგო.
სამწუხაროდ, შევიტყვე, რომ პანდემიის პერიოდში (როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სიმრავლის გამო) ზოგიერთი საფლავი გადაუადგილებიათ ან დაუცლიათ. დღეს იური მარის განსასვენებელი აღარ არსებობს.
მიუხედავად საფლავის ქვის დაკარგვისა, იური მარისა და მისი ოჯახის სახელი ირანული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში დღემდე ცოცხლობს.
მარების ოჯახი, განსაკუთრებით იურის მამის სახელი — ნიკო მარი, ყველა კავკასიოლოგისა, აღმოსავლეთმცოდნისა და ირანისტისთვის ნაცნობია. ნიკო მარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ქალაქში, ქუთაისში დაიბადა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. მან ღრმად და საფუძვლიანად გამოიკვლია კავკასიური ენები, ძველი სომხური ტექსტები. ასევე იკვლევდა ირანულ ენებსა და კულტურას. ნიკო მარმა უდიდესი როლი შეასრულა რუსეთში აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო ტრადიციის ჩამოყალიბებაში, წლების მანძილზე ასწავლიდა სამეცნიერო დაწესებულებებში, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ეწეოდა უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ნიკო მარმა საბჭოთა ეპოქაში წარმოადგინა მნიშვნელოვანი თეორია, რომლის მიხედვით მსოფლიოს მრავალ ენას საერთო ფუძე გააჩნია, ხოლო კავკასიური ენები სემიტურ და სხვა ენებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს თეორია სტალინმა, საბჭოთა კავშირის წარმოშობით ქართველმა ბელადმა, ოფიციალურად უარყო.
იური მარმა წარმატებით განაგრძო მამის სამეცნიერო გზა და ჩამოყალიბდა სპარსული ლიტერატურისა და ირანის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად. მან სპარსული ენის, კლასიკური ტექსტებისა და ირანის კულტურის ისტორიის კვლევაში უაღრესად ღირებული ნაშრომები დატოვა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა სივრცეში ირანისტიკის ჩამოყალიბებაში.
მისი ხანმოკლე სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1934 წელს ირანში გამგზავრება იყო. იმ წელს გაიმართა დიდი ირანელი პოეტის, ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ფირდოუსის დაბადების ათასი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაზე იური მარი, როგორც იმჟამად საბჭოთა კავშირში შემავალი ქართული საზოგადოების წარმომადგენელი და მკვლევარი, სპარსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. ეს ფაქტი ირანისტიკის ისტორიაში დღემდე შემორჩენილია, როგორც ირანს, კავკასიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო და კულტურული კავშირების სიმბოლო.
ჩვენთვის, ირანელებისთვის, ეს ოჯახი მხოლოდ რამდენიმე მკვლევრის სახელს არ უკავშირდება; ეს შეგვახსენებს მეცნიერთა თაობას, რომლებმაც ენების, კულტურებისა და ერების ისტორიის სიყვარულით შეისწავლეს ცივილიზაციათა შორის ღრმა კავშირები. ირანული ენების, სპარსული ლიტერატურისა და რეგიონის კულტურული ისტორიის შესახებ შესრულებულმა მათმა ნაშრომებმა და კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ირანისტიკული კვლევების განვითარებაში.
როგორც ირანელი ხალხის წარმომადგენელმა საქართველოში, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ირანული საზოგადოების ღრმა პატივისცემა და მადლიერება ამ ორი გამოჩენილი მოღვაწის სამეცნიერო ძალისხმევის მიმართ.
ნიკო და იური მარების სახელები გვახსენებს დროისა და სივრცის მიღმა მდგომ იმ ხიდს, რომელსაც მეცნიერება და კულტურა აგებს ერთა შორის.
შესაძლოა, დღეს ამ სასაფლაოზე იური მარის განსასვენებლის კვალი აღარ მოიპოვება, მაგრამ მისი და მამამისის სახელი დღემდე ცოცხლობს მეცნიერების ისტორიასა და ირანის, საქართველოსა და ორიენტალისტიკური სამყაროს კულტურულ მეხსიერებაში.
დაუვიწყარია მათი ხსოვნა, ხოლო მათი სამეცნიერო მემკვიდრეობა — მარადიული”- ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

