შაბათი, აპრილი 4, 2026

კახა კალაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ეს არის სრული ბოდვა. მგონი, ყველა კარგად ხვდებით, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას ამის უკან, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით.

მერის განცხადებით, ქვეყნის შიგნით რა კანონებია მისაღები, ამას საქართველოს  ხელისუფლება გადაწყვეტს.

„ეს არის სრული ბოდვა. მგონი, ყველა კარგად ხვდებით, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა არის ამის უკან: ჩვენ გვთხოვენ, გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, გვთხოვენ, გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე, ამერიკული „ფარა“ და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, და არა გარედან ვიღაცეების დავალებით და თითის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ანგარიში, მერმა უპასუხა:

„ვხვდებით, რა პროცესები მიდის. მაგალითად, უკრაინის სასამართლომ დაუშვა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ყველაფერი ვიცით, საით მიდის. გარე აქტორების სურვილია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, უკრაინა, გამოყენებული იყოს მათი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ღიად, გაცხადებულად, რომ არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი ეკონომიკა, ქართველი ხალხი. ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხის სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა აღნიშნულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.

„მთელმა რიგმა ქვეყნებმა, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სრული ბოდვა, რაც არის ამ დოკუმენტში“, – აღნიშნა მერმა.

მერმა აღნიშნულ ვითარებაში ხელისუფლების სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მთავრობა ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

„ჩვენი სამოქმედო გეგმა არის მარტივი – გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება კანონების მიღება თუ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ყველაფერი კეთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, როგორი საფრთხის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიღაცას, დიდ ქვეყანას, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის. ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, რამხელა უბედურება შეიძლება მოიტანოს ომმა, 2008 წლის ტკივილები და ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება

ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა პრემიერმა.

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები