შაბათი, აპრილი 4, 2026

ვაკის სასაფლაოს უცნობი ისტორია- რატომ ვერ იპოვეს აღმოსავლეთმცოდნის  იური მარის საფლავი, მეცნიერის  რომელიც უკვდავი ხიდია ირანსა და საქართველოს შორის-ალი მოჯანი

,,წუხელ თბილისში, ვაკის სასაფლაო მოვინახულე. გამახსენდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე იური მარი. მინდოდა საფლავთან მივსულიყავი და მისი ხსოვნისთვის პატივი მიმეგო.
სამწუხაროდ, შევიტყვე, რომ პანდემიის პერიოდში (როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სიმრავლის გამო) ზოგიერთი საფლავი გადაუადგილებიათ ან დაუცლიათ. დღეს იური მარის განსასვენებელი აღარ არსებობს.
მიუხედავად საფლავის ქვის დაკარგვისა, იური მარისა და მისი ოჯახის სახელი ირანული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში დღემდე ცოცხლობს.
მარების ოჯახი, განსაკუთრებით იურის მამის სახელი — ნიკო მარი, ყველა კავკასიოლოგისა, აღმოსავლეთმცოდნისა და ირანისტისთვის ნაცნობია. ნიკო მარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ქალაქში, ქუთაისში დაიბადა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. მან ღრმად და საფუძვლიანად გამოიკვლია კავკასიური ენები, ძველი სომხური ტექსტები. ასევე იკვლევდა ირანულ ენებსა და კულტურას. ნიკო მარმა უდიდესი როლი შეასრულა რუსეთში აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო ტრადიციის ჩამოყალიბებაში, წლების მანძილზე ასწავლიდა სამეცნიერო დაწესებულებებში, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ეწეოდა უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ნიკო მარმა საბჭოთა ეპოქაში წარმოადგინა მნიშვნელოვანი თეორია, რომლის მიხედვით მსოფლიოს მრავალ ენას საერთო ფუძე გააჩნია, ხოლო კავკასიური ენები სემიტურ და სხვა ენებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს თეორია სტალინმა, საბჭოთა კავშირის წარმოშობით ქართველმა ბელადმა, ოფიციალურად უარყო.
იური მარმა წარმატებით განაგრძო მამის სამეცნიერო გზა და ჩამოყალიბდა სპარსული ლიტერატურისა და ირანის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად. მან სპარსული ენის, კლასიკური ტექსტებისა და ირანის კულტურის ისტორიის კვლევაში უაღრესად ღირებული ნაშრომები დატოვა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა სივრცეში ირანისტიკის ჩამოყალიბებაში.
მისი ხანმოკლე სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1934 წელს ირანში გამგზავრება იყო. იმ წელს გაიმართა დიდი ირანელი პოეტის, ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ფირდოუსის დაბადების ათასი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაზე იური მარი, როგორც იმჟამად საბჭოთა კავშირში შემავალი ქართული საზოგადოების წარმომადგენელი და მკვლევარი, სპარსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. ეს ფაქტი ირანისტიკის ისტორიაში დღემდე შემორჩენილია, როგორც ირანს, კავკასიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო და კულტურული კავშირების სიმბოლო.
ჩვენთვის, ირანელებისთვის, ეს ოჯახი მხოლოდ რამდენიმე მკვლევრის სახელს არ უკავშირდება; ეს შეგვახსენებს მეცნიერთა თაობას, რომლებმაც ენების, კულტურებისა და ერების ისტორიის სიყვარულით შეისწავლეს ცივილიზაციათა შორის ღრმა კავშირები. ირანული ენების, სპარსული ლიტერატურისა და რეგიონის კულტურული ისტორიის შესახებ შესრულებულმა მათმა ნაშრომებმა და კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ირანისტიკული კვლევების განვითარებაში.
როგორც ირანელი ხალხის წარმომადგენელმა საქართველოში, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ირანული საზოგადოების ღრმა პატივისცემა და მადლიერება ამ ორი გამოჩენილი მოღვაწის სამეცნიერო ძალისხმევის მიმართ.
ნიკო და იური მარების სახელები გვახსენებს დროისა და სივრცის მიღმა მდგომ იმ ხიდს, რომელსაც მეცნიერება და კულტურა აგებს ერთა შორის.
შესაძლოა, დღეს ამ სასაფლაოზე იური მარის განსასვენებლის კვალი აღარ მოიპოვება, მაგრამ მისი და მამამისის სახელი დღემდე ცოცხლობს მეცნიერების ისტორიასა და ირანის, საქართველოსა და ორიენტალისტიკური სამყაროს კულტურულ მეხსიერებაში.
დაუვიწყარია მათი ხსოვნა, ხოლო მათი სამეცნიერო მემკვიდრეობა — მარადიული”- ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება

ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა პრემიერმა.

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები