შაბათი, აპრილი 4, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი – პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.

ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.

ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა – პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.

„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ – ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ – ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.

პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას – პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

დონალდ ტრამპი – ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, 48 საათი, ვიდრე ჯოჯოხეთი თავს დაატყდებათ

ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, ირანს 48 საათი რჩება.„გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება – 48 საათი, სანამ მთელი ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბოლო სიახლეები