ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან (გადადება, გადადება, გადადება!) და ბოლოს „დიდი პრიზი“ მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გაწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.
„თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს ენახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებითა და ჩანთებით ჩაიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი! 47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა „კვლავ დიდებულ“ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.

