ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები არის საქართველოში და არა ვაშინგტონში და ბრიუსელში.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, მათ შორის, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, დასავლეთთან, შეწყვეტილი ურთიერთობები აღვადგინოთ, მაგრამძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ ამას, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს, ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის, იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება, ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დემოკრატიის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით. ვამბობ, რომ გასაღები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების არის საქართველოში, ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, თითქოს გასაღები არის ვაშინგტონში და ბრიუსელში, არა, მე მათ კიდევ ერთხელ ვეუბნები, გასაღები არის საქართველოში, ვიდრე რეჟიმის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს, ამ უსამართლობას თესავს აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში, შეუძლებელია, ნორმალიზდეს სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში“, – აღნიშნა ვაშაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

