გიორგი გახარია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას

Read Time:2 Minute, 25 Second

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ხედავენ, არის მიუღებელი. როგორც გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური და წარმატებული ამ ვირუსთან ბრძოლაში, მიიღოს სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არ აქვს იმის უფლება, რომ დააგვიანოს.

„მინდა, რამდენიმე ციფრი მოგახსენოთ, რომელიც ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს ვირუსი გახდა პრობლემა და გამოწვევა მსოფლიოსთვის, იტალიაში გარდაცვლილია 10 779 ადამიანზე მეტი, ესპანეთში 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში 1228 ადამიანი, ნიდერლანდებში 776 ადამიანი, გერმანიაში 541 ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ, ჩვენ გლობალურ ბრძოლაში ვართ მათთან ერთად და ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ასე თუ ისე ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ამან არ მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურად ევროპის ქვეყნებში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან და ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავიგვიანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე რეგიონში ვიზიტი ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, რომელიც თბილისის ან სხვა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება. თითოეული მოქალაქის წინაშე, რომელიც აკეთებს თავის ყოველდღიურ საქმეს და ვერც წარმოუდგენია რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც ეს იყო ადრე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს საბოლოო მონაცემებით, საქართველოში უკვე 100 ინფიცირებულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებულია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

„მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთო – დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. დღეს ჩვენ გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი და ეს, ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ერთგვარი შეთანხმებით, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია – აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიმართ, ახლაც პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს
Next post მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს