გიგა ბოკერია: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს

Read Time:1 Minute, 56 Second

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს.

ბოკერიას თქმით, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზავნილი არის ერთი მხრივ, ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის მიმართ ბრძოლა.

„ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე და მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ჩვენი ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი, ამ კვირების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთი მხრივ ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისაგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ ზემოთხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები. ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, და მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისაკენ სწრაფვის და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.

ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისთვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ უნდა აჰყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ – ყოველ დილას ციხეში შესვლა არ მინდა
Next post ნინო წილოსანი იაგო ხვიჩიას: თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი