ბექა დავითულიანი ავტობუსების შესყიდვის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: კონკრეტული არხებისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკაა, რომ სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, რაღაც შავი ჩააწვეთონ

Read Time:1 Minute, 45 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი, გადაცემა „იმედის ფაქტორში“ სტუმრობისას, გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ერთ-ერთი ტენდერის დროს, ავტობუსების შეძენისას, დედაქალაქის მერიამ „60 მილიონი ლარი გაფლანგა“.

„ესაა კლასიკური მაგალითი – სადაც ყველაზე კარგად მიდიხარ, უნდა მოვიდნენ და რაღაც გააფუჭონ, სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, ზუსტად იქ უნდა ჩაწვეთდეს რაღაც შავი. ეს ამ არხებისა და მათი მეპატრონეების ჩვეულებრივი პოლიტიკაა. თუ არ ვცდები, სიუჟეტის დასასრულს, ავტობუსის ქარხნული ფასი 215 ათასი ევრო ეწერა. ამ დროს, ხმას ქვემოთ უწევდნენ, რომ ეს არ გაგვეგო. იქამდე, საუბარი იყო, როგორ შეიყვანეს თურქეთში წარმოებული ავტობუსები ამავე ქვეყნის ქალაქებში უფრო იაფად და ვითომ, ჩვენ ისინი უფრო ძვირად ვიყიდეთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მისივე განცხადებით, დედაქალაქის მერიამ, ტენდერის დროს შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, ყველაზე ოპტიმალური შეარჩია, თუმცა, არა – ავტობუსების ხარისხის ხარჯზე.

„ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა ზომის ავტობუსები არსებობს. არის 8 და არის 12-მეტრიანი ავტობუსები. ჩვენ ვიყიდეთ 12-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც, ცხადია, 8-მეტრიანზე ძვირია. ამას დაემატება ის, რომ ჩვენ არ გვიყიდია დაბალი კომპლექტაციის ავტობუსები, იმიტომ რომ თბილისში ავტობუსების სტანდარტი საკმაოდ მაღალია. ჩვენი პოლიტიკის ნაწილია, რომ, რამენაირად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. ყვითელი ავტობუსების გამო, გამონაბოლქვი იდგა თბილისის გზებზე. დღეს ისეთი მაღალი სტანდარტის ავტობუსები გვყავს, როგორიც აღმოსავლეთი ევროპის ბევრ ქალაქს არ ჰყავს – უამრავი კომფორტით. ახალი ავტობუსები EBRD-ის დაფინანსებითა და სტანდარტებითაა შეძენილი. ამ პროცესის ყველა ეტაპში EBRD-ის წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები. ტენდერი იყო ღია და ამ ღია ტენდერში რამდენი კომპანიაც შემოვიდა და რა ფასებიც შემოგვთავაზეს, EBRD-თან ერთად, შევარჩიეთ ყველაზე იაფი ვარიანტი, რომელიც დადგენილ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. დავიწყეთ MAN-ის ავტობუსებით, რომელიც თავიდანვე, მაღალი სტანდარტი იყო. შევარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური, იაფი ვარიანტი, ოღონდ – მაღალი კომპლექტაციის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მან ასევე გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს შეძენილი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები და აღნიშნა, რომ მსგავსი სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობა საკუთარი ავტომობილებით მგზავრობაზე უარს არ იტყვის და ავტობუსებით სარგებლობას არ დაიწყებს.

„რას გვთავაზობენ? რომ ისევ „ბოგდანი“ ვიყიდოთ, რომელშიც სკამი არ დგას, მერე აქ, ადგილზე მივადუღოთ სკამები და ამით ვატაროთ ხალხი? ამით ხომ ვერ გადმოვიყვანთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხალხს, თუ ეს ტრანსპორტი არ იყო კომფორტული. გავაკეთეთ ავტობუსის ხაზები, ზედ დავაყენეთ კომფორტული ავტობუსები, დავაგეგმარეთ და ვაგეგმარებთ ქვეითთა სივრცეებს… მგონია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და სწორი მიმართულება, რაც ამ წლების განმავლობაში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტების მიღება დავიწყოთ
Next post დავით სონღულაშვილი: საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად, ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის