არჩილ თალაკვაძე – დღეს სააკაშვილის პატიმრობის თემა არ არის ნომერ პირველი საკითხი, საზოგადოებას არ აინტერესებს სერიალები, რომელსაც ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღე გვაყურებინებენ

Read Time:2 Minute, 24 Second

დღეს ნამდვილად არ არის სააკაშვილი და მისი პატიმრობის თემა ნომერ პირველი საკითხი და ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ აინტერესებს ის სერიალები, რომელსაც ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღე გვაყურებინებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამას მე კი არ გეუბნებით, კვლევები ამბობს, რომ პირველ შვიდ და ათ საკითხში საერთოდ არ შედის სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ის თემები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს. ისინი აბსოლუტურად აცილებული არიან ხალხის ინტერესებს და დღის წესრიგს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობას იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ახალი პოლიტიკური პარტიები ნელ-ნელა ერთვებიან საპარლამენტო პოლიტიკაში და ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რაც მართლაც არის პარლამენტის დღის წესრიგი, მაგრამ ამას თითქმის, ორი წელი დასჭირდა.

„შვიდი-რვა თვის განმავლობაში ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ამ პარტიებს ვარწმუნებდით, რომ როდესაც პარლამენტში აგირჩევენ, ოპოზიციაში იქნები თუ უმრავლესობაში, შენი მოვალეობაა, იმუშაო და საპარლამენტო საბოტაჟში კი არ ჩაერთო, დემოკრატიას ძირი კი არ გამოუთხარო და შენს მხარდამჭერებს უარი კი არ უთხრა იმ არჩევანზე და დავალებაზე, რაც გითხრა, არამედ პარლამენტში შებრძანდე, იმუშაო, დააყენო ინიციატივები და ჩაერთო დისკუსიაში. კარგია, თუ ბოლოსდაბოლოს, ახალი და პატარა პოლიტიკური პარტიები სრულფასოვნად ჩაერთვებიან საპარლამენტო ცხოვრებაში. თუმცა, ამის გულწრფელ სურვილს ვერ ვხედავ ოპოზიციის რადიკალური ბანაკიდან. თქვენ ხედავთ, რომ შემოსვლის აუცილებლობა მათაც დაინახეს, მაგრამ ცდილობენ, რაღაც თემები გამოიგონონ, რომ როგორმე გაამართლონ პარლამენტში შესვლა. ისინი ხვდებიან, რომ აღარც ქუჩაში არიან, აღარც პარლამენტში და აბსოლუტურად პოლიტიკურ „აბსაიტში“ აღმოჩდნენ. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის იმათთან, ვინც მუშაობს და ამის არა ერთი მაგალითი შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ნახა, როგორ საუბრობდნენ ოპონენტები „დიდ ქოლგაზე“ და როგორ ეპატიჟებოდნენ ყველა პარტიას ამ „ქოლგის ქვეშ“.

„ჩვენ ისინი ნანახი გვყავს ნათელაშვილის „ქოლგის ქვეშ“, ნანახი გვყავს ბოიკოტის „ქოლგის ქვეშ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ვერც ერთ შემთხვევაში შედეგს ვერ მიაღწიეს; შევიდნენ 3%-იანი პარტიები და გამოვიდნენ 0%-იანები. ანუ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ ის ხმებიც წაართვა, რაც ჯერ კიდევ ჰქონდათ. გამოდის, რომ „ქოლგის ქვეშ“ „ნაციონალური მოძრაობა“ ძარცვავს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მათ სურთ მონოპოლია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ამ შეთავაზებაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ნეგატიური რეაქცია, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიების ბუნებრივი რეაქცია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ორჯერ რომ მოხვდები პოლიტიკურ ავარიაში, რა თქმა უნდა, მერე მათ მანქანაში აღარ ჩაუჯდები და აღარც ქოლგის ქვეშ“ აღარ შეხვალ. ალბათ, სწორედ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების ბუნებრივი რეაქცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორია სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივა და დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი ამ კომისიის შექმნას, თუ ოპოზიციას კენჭისყრაზე მართლაც ერთი ხმა დააკლდება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნა არის პოპულიზმი და ის არ ემხრობა სააკაშვილთან დაკავშირებით რამე კომისიის შექმნას, რადგან სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები გამოძიებულია და ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ არის შესწავლილი.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება არ გაიზიაროს და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭიროს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გუნდი წინა დღეს, სხდომამდე საათებით ადრე შეიკრიბება უმრავლესობის ფორმატში, ამ საკითხზე ყველა არგუმენტის გათვალისწინებით იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტია
Next post გიორგი ვოლსკი: სენაკის საკრებულოს ოპოზიციის ლოგიკით ექვსი კაცი რომ ყოფილიყო, შვიდი ან ორი, უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა სხდომა?!